ახალი ამბები

თესაუში “ჟურნალისტიკის” სახელმძღვანელო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,“ჟურნალისტიკის” სახელმძღვანელო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელოს ავტორმა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა, მარინა ვეკუამ თესაუს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმძღვანელოს შექმნის იდეისა და გაწეული სამუშაოების შესახებ.
სახელმძღვანელო შექმნილია მომავალი ჟურნალისტებისათვის. იდეის ავტორები არიან გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი მარინე ვეკუა და ფრანგი პროფესორი ჟილრუე და თერთმეტი თავისგან შედგება. 
წიგნი “ჟურნალისტიკა” ერთობლივი ქართულ-ფრანგული პროექტია, რომელიც მომზადებულია ცხრა უმაღლესი სასწავლებლის 13 პროფესორის – მარინე დარსაველიძის, ხათუნა კაჭარავას, ელზა ლომიძის, მარინე ლომიძის, მაგდა მემანიშვილის, თეა მჟავანაძის, ნატო ონიანის, ნინო ჭალაგანიძისა და ლალი ძამუკაშვილის მიერ. “ჟურნალისტიკის” ავტორთა ჯგუფიდან ორი ავტორი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ლაურა კუტუბიძე და ლალი ძამუკაშვილი არაიან. 
“მასობრივი კომუნიკაციის უკიდეგანო სამყაროში ჟურნალისტიკას უფრო და უფრო უჭირს თავისი ნიშის პოვნა; ჟურნალისტის პროფესია “ღია პროფესიად” მიიჩნევა და ნებისმიერი სპეციალობის ადამიანს აქვს ამ სფეროში თავის დამკვიდრების შანსი, რაც თავისთავად ქმნის ამ დარგის სიმარტივის ილუზიას. ქართულ-ფრანგული ერთობლივი პროექტის – “ჟურნალისტიკის” მხოლოდ სარჩევის გაცნობაც საკმარისია ამ ილუზიის გასაფანტავად. პროექტი მოიცავს ჟურნალიზმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც კი წამოჭრილა დაფუძნებიდან მოყოლებული მისი განვითარების ყველა საფეხურზე. ეს სახელმძღვანელო საკმაოდ მოქნილია – პირველკურსელსაც გამოადგება და მეოთხეკურსელსაც, მაგისტრატურის სტუდენტებისთვისაც სასარგებლოა და “მოქალაქე ჟურნალისტებისთვისაც”, – აღნიშნა პროფესორმა მარინე ვეკუამ. სახელმძღვანელოში საუბარია ჟურნალისტიკისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა მედია და ჟურნალისტიკა, მედია და საზოგადოება; სიტყვის თავისუფლების ასპექტები; ჟურნალისტიკა, როგორც სისტემა; საზოგადოებასთან ურთიერთობა და მედია; მედიასაშუალებები და გლობალიზაცია; მედიასაშუალებების ეკონომიკური მოდელები; ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია და ა.შ.