ახალი ამბები

რელიგიური გაერთიანებები ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობის შემთხვევებს ეხმაურებიან

რელიგიათა საბჭო მწუხარებას გამოთქვამს მოძალადეების ხელით დაღუპული ქალების გამო და აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საზოგადოების სერიოზული პრობლემაა, რომელსაც არაერთი მიზეზი და გარემოება განაპირობებს.
“გულისტკივილით და სინანულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ მიზეზებს შორის, არც თუ იშვიათად, დამახინჯებული რელიგიური ინტერპრეტაციებიცაა. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ როლს, რაც ამა თუ იმ რელიგიური მოძღვრების არასწორად აღქმასა და გაგებას მიუძღვის ქალებისადმი ძალადობის წახალისებაში. მთელ მსოფლიოში დღემდე გვხვდება შემთხვევები, როცა სწორედ რელიგიური მოტივაციაა ქალების ჩაგვრის მიზეზად გამოყენებული. მთელი პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ, ზოგადად, რელიგია, თავისი არსიდან და მისიიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ძალადობისა და დისკრიმინაციის გამამართლებელ არგუმენტად იქნეს მოყვანილი, რადგან ყველა დიდი რელიგიური მოძღვრების სულისკვეთება სიყვარულის, პიროვნული თავისუფლებისა და თანასწორობის ქადაგება გახლავთ. თითოეული ადამიანის გამორჩეული სულიერი დანიშნულების, მისი უნიკალური პასუხიმგებლობის აღიარება არის რელიგიურობის ქვაკუთხედი, მიუხედავად იმისა, რომელ სქესს ეკუთვნის კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული პიროვნება. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა ღრმად უნდა გავიაზროთ, რომ სოციალურ სივრცეში ჩვენი თავისუფლება სრულდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის თავისუფლება. ამ შემთხვევაში, უმნიშვნელოა, ვინ იქნება იგი სქესით და როგორია მისი სოციალური სტატუსი – ქალია თუ კაცია, ოჯახის წევრია, ცოლია, ქმარია, შვილია, დედაა თუ მამა. ყველა ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალია თავისი ბუნებით და მხოლოდ შემდეგაა ამა თუ იმ სოციუმის, მათ შორის ოჯახის, თემის, ეთნოსისა და რელიგიური ჯგუფის წევრი. მიგვაჩნია, რომ ქალებისადმი ძალადობის ბოლოდროინდელი ესკალაცია, სწორედ ამ თავისუფლების წინააღმდეგ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ამხედრებაა და იმის გარდა, რომ თითოეული ეს შემთხვევა სამართლებრივი კუთხით მძიმე დანაშაულია, ამავდროულად, ყველა რელიგიური მოძღვრებისთვის უმძიმეს ცოდვასა და ბოროტებას წარმოადგენს”, – ნათქვამია რელიგიათა საბჭოს განცხადებაში.