ახალი ამბები

აგროდაზღვევით უკვე 6 000 მიწათმოქმედი სარგებლობს

პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. სახელმწიფო, გარკვეული პირობით, სოფლის მეურნეობის ყველა იმ პროდუქტის დაზღვევის სუბსიდირებას მოახდენს, რომელიც საქართველოში მოჰყავთ. აგროდაზღვევის კოორდინატორია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

მოქნილი სადაზღვევო სქემის არარსებობა ქვეყანაში აგროსექტორის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად სახელდებოდა. რამდენიმე მზღვეველი აქამდეც სთავაზობდა ბაზარს სხვადასხვა აგროპოლისებს, მაგრამ ამას მაინც ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა – მიწათმოქმედს დაბალი რენტაბელობის გამო სადაზღვევო პროცენტის გადახდა უჭირდა და მზღვეველიც ვერ რისკავდა ყველა აგროპროდუქტის ზარალის ანაზღაურებაზე აეღო პასუხისმგებლობა. სახელმწიფომ გადაწყვიტა ამ მიმართულებით განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გაეთვალისწინებინა და სადაზღვევო პოლისის პროცენტის უდიდესი წილის გადახდა საკუთარ თავზე აეღო. 
შესაბამისად, ის ვინც დღეს მოსავალს დააზღვევს, პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პროცენტის დიდ წილს სახელმწიფო აუნაზღაურებს.

სახელმწიფო სუბსიდირების ლიმიტის ზედა ზღვარი კერძო ფერმერებისთვის – 30 ათასი, ხოლო კოოპერატივებისთვის 50 ათასი ლარია. სუბსიდირება ხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაშიკი 95%-მდე. ამ თანადაფინანსებისას, პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გლეხს ან მომხმარებელს, დამზღვევს ექნება შესაძლებლობა 0,5%-დან გარკვეული შკალების მიხედვით გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი.

პროექტში მონაწილეობა საქართველოში ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო ფირმას შეუძლია. ამ ეტაპზე ხელშეკრულება ოთხ სადაზღვევო კომპანიასთან არის გაფორმებული, რომლებიც ფერმერებს სთავაზობენ მოსავლის დაზღვევას ოთხ სტიქიურ მოვლენაზე: საშემოდგომო ყინვაზე, სეტყვაზე, ჭარბ ნალექსა და ქარიშხალზე. პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული პირების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში დასაზღვევად მიიღება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი ან აზომვითი ნახაზი ან და GPS კოორდინატები. სადაზღვევო პოლისის გაცემის ბოლო ვადა 2015 წლის 31 აგვისტოა.

ლევან მაღრაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი: 
“აგროდაზღვევის ამ პროექტის ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ ფერმერსა თუ მიწათმოქმედს, შეუძლია მოსავალი დააზღვიოს ოთხი სტიქიისგან და თავი დაიცვან მოსალოდნელი ზარალისგან. 1 სექტემბრიდან დღემდე უკვე გაყიდულია 6 ათას პოლისზე მეტი. ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტიურობს დასავლეთ საქართველო, რადგან აგროდაზღვევის პროექტის ამოქმედება ციტრუსის მოსვლის პერიოდს დაემთხვა. სადაზღვევო კომპანიები აქტიურად მუშაობდნენ და ფერმერების ინფორმირებას ახდენენ აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი იქნება მოთხოვნა ვაზის დაზღვევაზე მაშინ, როცა შესაბამისი აგროვადები მოახლოვდება. ყველა სოფლის მეურნეობის კულტურას დაზღვევის თავისი აგროვადები აქვს და ეს ყველაფერი პოლისის მოთხოვნებშია გაწერილი. მაგალითად, ვაზის შემთხვევაში მტევანი უნდა იყოს თვალით გარჩევადი იმისთვის, რომ მევენახემ მოსავალი დააზღვიოს.

აგროდაზღვევის ამოქმედების შემდეგ ბევრად უკეთესი შედეგი მივიღეთ, ვიდრე ველოდით. ერთი თვის პერიოდისთვის 6 000 პოლისი საკმაოდ კარგი მონაცემია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყოველი ფერმერის შემთხვევაში საშუალოდ დაზღვეულია 0,3-0,4 ჰექტარი მიწის ფართობი, საერთო ჯამში ძალიან დიდ მასშტაბებს მივიღებთ.”

ამ ეტაპზე აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში ოთხი სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს: “ჯიპიაი ჰოლდინგი”, “ალდაგი”, “აისი ჯგუფი” და “ირაო”. ჩამოთვლილი კომპანიების გარდა, სხვა მზღვეველებსაც აქვთ სურვილი მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში.