სოფელ იყალთოში სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ გაიმართება
იყალთოს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიება 12 საათზე დაიწყება.
კახეთის რეგიონში მოქმედ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც მიიღებენ სახალხო ზეიმში მონაწილეობას. იყალთოს აკადებიის ეზოში გაიმართება ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა, სადაც სტუმრებს საშემოდგომო ნობათით და ტრადიციული კახური სამზარეულოთი უმასპინძლებენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მხატვართა ნამუშევრების გამოფენაც.
ღონისძიების დასასრულს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაასახელებს იყალთოს საპატიო მოქალაქეებს.
„შოთაობა“ იყო საქართველოში პირველი სახალხო დღესასწაული, რომელიც 1963 წლიდან იყალთოში ყოველწლიურად ტარდებოდა. მისი დამაარსებელი და ორგანიზატორი იყო იყალთოს აკადემიის რექტორი გიორგი შათირიშვილი.
2007 წლის შემდეგ „შოთაობა“ იყალთოში აღარ ჩატარებულა. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან ტრადიცია აღდგება და სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ყოველი წლის ოქტომბერში გაიმართება.