ქართული კომპანიები ევროკავიშირის ბაზარზე გასვლას არ ჩქარობენ
ევროკავშრითან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულლების ამოქმედების შემდეგ ქართული ბიზნესი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობას აპირებს. თუმცა, ევროპის ბაზარზე გასასვლელად ადგილობრივ კომპანიებს მომზადება სჭირდებათ, რაც დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებას და ინვესტირებას საჭიროებს.
ევროკავშირის ბაზარზე დაწესებული შეღავათებით სარგებლობას აპირებს „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, თუმცა, კომპანია ევროპის ბაზარზე მუშაობის გააქტიურებას მომავალი წლიდან გეგმავს.
კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ავსტრიასა და გერმანიაში მის კომპანიას პროდუქცია მცირე ოდენობით ისედაც გააქვს. მისი განცხადებით, ამ ქვეყნებში წელიწადში რამდენიმე კონტეინერი ნაწარმი გადის. თუმცა გაფართოებაზე მუშაობა გრძელდება.
„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ევროპას ტრადიციულად, ღვინის წარმოება აქვს და შესაბამისად, ქართულ კომპანიებს ევროპის ბაზრებზე აქტიურობის გამოსაჩენად რაღაც პერიოდი დაგვჭირდება. ამიტომ ასეთი სწრაფ და მნიშვნელოვან შედეგს, ჯერ არ ველოდებით“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
საბაჟოს მონაცემებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეღავათების ამოქმედების მიუხედავად საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი არ გაზრდილა.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სრულ იმპლემენტაციამდე, 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი.