ახალი ამბები

დავით გარეჯში უდაბნოს ქედის მონახულება ტურისტებისთვის დროებით შეიზღუდა

დავით გარეჯის ლავრის მღვდელმონაზონის კირიონის თქმით, ექვსი დღეა აზერბაიჯანელი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს, რომელიც უდაბნოს ქედის დაბლა, აზერბაიჯანის მხარესაა. 
მამა კირიონის თქმით, აზერბაიჯანის მხარეს პოლიგონია მოწყობილი და მათი საჯარისო ნაწილები დგას. 
“როდესაც წვრთნებს იწყებენ, დღის განმავლობაში მხოლოდ საათნახევარი-ორ საათით ითხოვენ ადგილის დაკეტვას, რომ შემთხვევით ტურისტი არ დაშავდეს. შემდეგ ჩვეულებრივ იხსნება და ტურისტებს უდაბნოს ქედზე ასვლა და წმინდა ილიას ნიშთან მისვლა შეუძლიათ. რაიმე რომ არ მოხდეს, ჩვენც თანახმა ვართ. როდესაც ქართული მხარე ატარებს წვრთნებს, რუსთავის მხარე საერთოდ იკეტება. უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია “, – აღნიშნა მღვდელმონაზონმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანელი სამხედროები მუდმივად წმინდა ილიას ნიშთან აღარ დგანან. ისინი პერიოდულად ადიან იქ, გაივლიან საზღვრის მონაკვეთს და ისევ უკან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩავდიან. ამჟამად ამ ტერიტორიაზე მუდმივად საქართველოს მესაზღვრეები დგანან. აღნიშნული დავით გარეჯში 2010 წელს მოწყობილი აქციის შემდეგ თანდათან მოხდა. 
მისივე განცხადებით, ქართველ ბერებს ბერთუბანში შესვლა არ შეუძლიათ, რომელიც უდაბნოს ქედის იქეთ, აზერბაიჯანის სიღრმეში 7 კილომეტრშია.