სურსათით მოვაჭრე მაღაზიებს ახალი ვალდებულებები დაეკისრებათ
თუ მაღაზია ვერ წარმოადგენს მიღებული პროდუქციის მიკვლევადობის დოკუმენტაციას, ის შესაბამისი სანქციებით დაჯარიმდება. პირველი სექტემბრიდან, ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებას.
ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ჩნდება ახალი, 28 ქვეყნის პოტენციური საბაზრო სივრცე, რომელში მოსახვედრადაც ქართულ პროდუქტს უამრავი კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების” მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, ლია თოდუა აღნიშნავს, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს უვნებელი სურსათი და გლეხური მეურნეობების კონტროლის ამდენი ხნით გადადება არ არის გამართლებული. ”მაგალითად, ადგილობრივ ბაზარზე წარმოადგენილი ყველის ფაქტობრივად 90 % გლეხურ მეურნეობებშია წარმოებული. თუნდაც ამ კონკრეტული პროდუქტის უვნებლობის უზრუნველყოფა გადადებულია 2020 წლამდე. იმის იმედად ყოფნა, რომ ყველა გლეხური მეურნეობა დარეგისტრირდება, როგორც იურიდიული პირი, და ეს პრობლემა თავისით ამოიწურება, რა თქმა უნდა, არარეალურია”,- ამბობს ლია თოდუა.