ახალი ამბები

ახმეტის 7 სოფელს დატბორვა ემუქრება

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ალავერდის სამონასტრო კომპლექსი და მისი მიმდებარე შვიდი სოფელი წყალდიდობების შედეგად იტბორება. სოფლებს დატბორვა წელსაც ემუქრება. იმ ადგილას, სადაც ორი მდინარე – შავკაბა და ზემო ხოდაშენის ხევი ერთმანეთს უერთდება, ძლიერი წვიმის დროს კალაპოტი ეცვლება და დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ვენახებსა და საძოვრებს ტბორავს. ბოლო ოთხი წელიწადია, რაც წყალდიდობის შედეგად, ალავერდის მსგავსად, სხვა ექვსი სოფელიც – ხორხელი, იმერლიანთ უბანი, ოჟიო, ოღოთო, ზემო ხოდაშენი და ჩაბინაანი იტბორება. ფერმერმა გოგი ოტიაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, რომ დატბორვის საშიშროება ყოველ წუთს არსებობს, რადგან წლებია, რაც ხევი არ გაწმენდილა.
„ხუთი წელია, რაც სოფლის დაახლოებით ას ჰექტრამდე საძოვარი არის გამოუსადეგარი და ქვაღორღით სავსე. ხევის ადიდების გამო იტბორება ათეულებით ჰექტარი ვენახი და თითქმის ასეულობით ჰექტარი სახნავ სათესი, რის გამოც მოსახლეობა ძალიან დიდ ზარალს ნახულობს. წლებია, არ ჩატარებულა ხევის გაწმენდითი სამუშაოები. დატბორვის საშიშროება ემუქრება სოფლებს- ხორხელს. ალავერდს, ალავერდის მონასტერს და კიდევ რამდენიმე სოფელს“, – განაცხადა ფერმერმა გოგი ოტიაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის CENN-ის წარმომადგენლებმა ზემო ხოდაშნის ხევი დაათვალიერეს, იმსჯელეს აღნიშნული პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მოგვარების გზებზე. სპეციალისტების განმარტებით, ერთადერთი გამოსავალი 4-5 კილომეტრ სიგრძეზე კალაპოტის გაწმენდაა. CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის რეზო გეთიაშვილის განცხადებით, ზემო ხოდაშნის ხევის ადიდების მთავარი მიზეზი წყლის აუზში ტყეების ჩეხვა და მისი დეგრადაციაა.
„უკვე რამდენიმე წელია, მდინარე ხოდაშნის ხევის პრობლემა ძალიან აქტუალურია. გახშირებულმა ბუნებრიცმა კატასრტოფებმა დატბორვის საფრთხე შეუქმნა სხვადასხვა ობიექტს. სახელმწიფოს მიეს გამოყოფილი თანხით ხევის ნაპირ სამაგრს სამუშაოები ჩაუტრდა, თუმცა დატბორვის საშიშროება ყოველ წუთს არსებობს“, – აღნიშნა რეზო გეთიაშვილმა.
სოფელ ხორხელის მოსახლეობა კი არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს და ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
რეზო იმერლიშვილი სოფელი ხორხელის მცხოვრები
„რამდენიმე წლის წინ ხევი ადიდდა და წყალი სახლში შემოგვივარდა. ქვევრები წყლით აგვევსო. ადგილობრიც ხელისუფლებას ვთხოვეთ, მანქანა მაინც გამოეყოთ ჩვენთვის, რომ ქვევრებიდან წყალი ამოგვეტუმბა, თუმცა ყურადღება არავის მოუქცევია. იძულებულები გავხდით, ქვევრებიდან წყალი ვედრებით ამოგვეღო. ანალოგიური მდგომარეობა იყო ძალიან ბევრ ოჯახშიც. ხევში გაბიონები არ მოეწყო და ამის გამო ისევ სოფლები და სხვადასხვა ობიექტი დაიტბორა“, – განუცხადა Knews.ge-ს სოფელ ხორხელის მცხოვრებმა, რეზო იმერლიშვილმა.