ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის პროფილის 71 სახელმწიფო საწარმოდან 15-ია მოქმედი

”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) და ”გადასახადების გადამხდელთა კავშირის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ასობით სახელმწიფო საწარმო არსებობს, რომელთა მუშაობაც ამ ეტაპზე არაეფექტიანია და საფრთხეს უქმნიან ქართული ეკონომიკის განვითარებას. 
როგორც “გადასახადების გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი, გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, კანონმდებლობა უწყობს ხელს, რომ, ამ საწარმოების მუშაობა არის დახურული, რადგან ისინი წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ ერთგვარი ”კომერციული საიდუმლოება” აქვთ, რომლის არგასაჯაროება, კანონიერია.

მისივე თქმით, კვლევის ფოკუსირება სოფლის მეურნეობის დარგზე მოხდა. კვლევის ორგანიზატორები დაინტერესდნენ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი რა კომპანიები მუშაობენ სოფლის მეურნეობის დარგში და როგორ მუშაობენ ისინი.

,,კვლევის შედეგების მიხედვით, დღესდღეობით საქართველოში სოფლის მეურნეობის პროფილის 71 სახელმწიფო საწარმოა რეგისტრირებული. აღნიშნულ საწარმოებს ფლობს და ზედამხედველობას უწევს ”სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო”, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, და ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”. აღნიშნული 71 საწარმოდან, კვლევის შედეგების მიხედვით, მოქმედია 15. ”
გიგლა მიქაუტაძის თქმით, მსგავსი საწარმოების არსებობა აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.