ახალი ამბები

გავაზელები გასხვისებული ტყის უკან დაბრუნებას ითხოვენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მოსახლეობა ტყის 33 ჰექტარი ფართობის უკან დაბრუნებას ითხოვს. მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია 2012 წელს ფარულად გასხვისდა. გავაზელების ინფორმაციით, ტყის მესაკუთრე ხეებს ჩეხავს და მის ადგილზე საფერავის ჯიშის ვენახის გაშენებას გეგმავს. „ეს ტყე ყოველთვის სოფელს ეკუთვნოდა და არავის არ ჰქონდა მისი გაყიდვის უფლება. ჩვენ არაფერი ვიცოდით, რომ ტყის გაყიდვას აპირებდნენ. იმ შემთხვევაში თუ ტყე სოფელს არ დაუბრუნდება, ადგილზე მობილიზებულ ტექნიკას წინააღმდეგობას გავუწევთ და გზას გადავუკეტავთ“, – განუცხადა KNEWS.ge-ს გავაზელმა ბადრი აივაზაშვილმა. ტყის მესაკუთრის განცხადებით, იმ თუ სასამართლო პროცესს წააგებს, გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში ტყეს სოფელს დაუთმობს.