ახალი ამბები

გვალვამ მოსავლიანობა კატასტროფულად შეამცირა

 მოსახლეობა ჩივის, რომ წელს არათუ პროდუქტის გასაყიდად გამოტანას ვერ შეძლებენ, ოჯახისთვის საკმარისი მარაგიც აღარ ექნებათ. განსაკუთრებით, პრობლემაა იმ  სოფლებში სადაც წყლის დეფიციტია, ამავე დროს, ხალხს სურსათზე ხელი უგზოობის გამოც არ მიუწვდება.

 დიდმა გვალვამ კატასტროფულად შეამცირა მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ხილის მოსავალი. ხალხი შიშობს, რომ ფქვილი და სიმინდი სეზონის ბოლომდე არ ეყოფათ, ხოლო სულ მალე სარეალიზაციო პროდუქტის დეფიციტი შეიქმნება, რაც სურსათს საგრძნობლად გააძვირებს.

 სოფელ ველისციხეში მცხოვრები მაია ყვავიაშვილი ამბობს, რომ ბოსტნეულის ნახევარზე მეტი გვალვამ გააფუჭა. განახევრდა ლობიოს მოსავალი და აგრეთვე ხილიც, რის გამოც ხალხს საკვებით მომარაგება გაუჭირდება.

 `მთელი შრომა წყალში ჩაიყარა, რაც ამინდს გადაურჩა, მხოლოდ რამდენიმე თვის სამყოფია, სეზონის ბოლომდე არც გვეყოფა. ჩვენი ვენახიც 60%-ით გაფუჭდა.

 `ასეთი შემთხვევა, შეიძლება, 40 წელიწადში ერთხელ იყოს~, -ამბობს ყვარლელი ლია შაქარაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პროდუქტზე დეფიციტის გამო, კახეთში ხალხი პროდუქტს ვერ იმარაგებს.

 უნალექობამ და ხანგრძლივმა სიცხეებმა მარცვლეული და კარტოფილი, სოფლის სხვა პროდუქტების მსგავსად, გაახმო. ერთადერთი, რაც გვალვას გადაურჩა შინაური ცხოველებია.