კერძო სექტორს შშმ პირების დასაქმებას კანონი დაავალდებულებს
ცვლილებები „მეწარმეთა შესახებ” კანონშიც შევა. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ვალდებულებას, დამსაქმებელთა დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასა და საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას.
სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ყველა დაწესებულება, ორგანიზაცია, საწარმო, რომელშიც სრულ განაკვეთზე დასაქმებულია სულ ცოტა 25 პირი, ვალდებულია, ასევე, დაასაქმოს შშმ პირები.დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს ორგანიზაციაში დასაქმებული პირების 4%-ზე ნაკლები. ვალდებულება ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.
ამ კანონპროექტის მიხედვით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმებისა და რეაბილიტაციის ფონდი. დამსაქმებელი, რომელიც არ შეასრულებს კანონპროექტის მოთხოვნას, ვალდებულია, ყოველთვიურად გადაიხადოს დაწესებულებაში არსებული საშუალო ხელფასის საკომპენსაციო თანხა დასაქმებისა და რეაბილიტაციის ფონდში.

