ახალი ამბები

11 სექტემბერს თელავის საჯარო სკოლებში დირექტორებს აირჩევენ

11 სექტემბერს თელავის N1, N2, N3, N4, N5, N7, N8, N9, სოფლების – ბუშეტის, თეთრიწყლების, ვანთის, ყარაჯლის, წინანდლის, ართანის, ვარდისუბნის, ლაფანყურის, კურდღელაურის, ფშაველის, ნაფარაეულის, კონდოლის, ქვემო ხოდაშნის, აკურისა და იყალთოს საჯარო სკოლებში მოქმედი სამეურვეო საბჭოები დირექტორებს აირჩევენ. დირექტორობის კანდიდატებმა უნდა მიმართონ შესაბამისი საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს და არჩევნებამდე უნდა წარუდგინონ: დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი; სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ნასამართლობის შესახებ ცნობა; საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტი.

ამასთან, არჩევნებამდე კანდიდატებს, დაინტერესების შემთხვევაში, შეუძლიათ სკოლიდან მათთვის სასურველი ინფორმაცია გამოითხოვონ და სურვილის შესაბამისად აწარმოონ შეხვედრები.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო დირექტორს ირჩევს წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან, მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე. სამეურვეო საბჭო დირექტორს ირჩევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით.