ახალი ამბები

აგროკრედიტით დაფინანსებული საწარმო ღვინოს ექსპორტზე აშშ-სა და ევროპაში გაიტანს

საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში მცხოვრებმა სერგო ღაჭეიშვილმა სოფლის მეურნეობის შეღავათიანი აგროკრედიტით გასულ წელს ისარგებლა. მან ყურძნის გადამამუშავებელი მინი ქარხანა დააფუძნა და მიმდინარე წელს უკვე ღვინის დაწურვასაც გეგმავს.

„კომერსანტთან“ საუბრისას იგი სესხის ოდენობას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ის ბიზნესის გასამართად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ღაჭეიშვილს 100 ტონამდე საფერავის ჯიშის ყურძენი საკუთარ ვენახში მოყავს, მომავალში კი გაფართოებას აპირებს და ყურძნის რაოდენობის 300 ტონამდე გაზრდასაც არ გამორიცხავს.

 იგი ამბობს, რომ გაფართოებისათვის შესაძლოა აგროკრედიტით მეორედაც ისარგებლოს, თუმცა იმედოვნებს, რომ წლევანდელი მოსავალისა და გაყიდვების შემდეგ ამის საჭიროება აღარ დადგება.

 მეწარმე ადგილობრივი წარმოების ღვინის ექსპორტზე გატანას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში გეგმავს. „კომერსანტთან“ საუბრისას ღაჭეიშვილი ამბობს, რომ 100 ათასი ბოთლი ღვინის საზღვარგარეთ გაყიდვა პრობლემა არაა.