ახალი ამბები

სიგარეტის ფასი ისევ იზრდება

აქციზის ეტაპობრივ მატებას ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს.

როდის და  რამდენით გაიზრდება აქციზი და შესაბამისად, სიგარეტის ღირებულება, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა პრინციპული გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მიღებულია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, აქციზის ზრდასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

მინისტრის განცხადებით, მთავრობამ შარშან დაამტკიცა თამბაქოს კონტროლის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს აქციზის გადასახადის თანდათანობით ზრდას, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმის შესაძლებლობა არ აქვს.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულია აქციზის თანდათანობითი, ეტაპობრივი ზრდა. მისმა ეფექტმა ბიუჯეტს 60 მილიონი ლარის შემოსავალი უნდა მოუტანოს. 

ამ ეტაპზე ფილტრიანი სიგარეტის ერთ კოლოფზე აქციზი 75 თეთრს შეადგენს, უფილტროზე 20–ს, ერთ სიგარაზე კი 90 თეთრს.

შეგახსენებთ, რომ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 2013 წლის 1 სექტემბრიდან გაიზარდა. 

ცვლილებების თანახმად, ერთ ყუთ ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 15 თეთრიდან 20 თეთრამდე გაიზარდა. აქციზის გაზრდის შედეგად სიგარეტზე ფასებმა მოიმატა.