ახალი საწარმოების შექმნისთვის მეწარმეები ორ მილიონამდე დოლარის სესხს მიიღებენ
სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განცხადებით, იმ მეწარმეებს, რომლებსაც სურთ შექმნან ახალი საწარმოები, 2 მილიონ დოლარამდე სესხის მიღების საშუალება ექნებათ.
მისი თქმით, პრემიერის ინიციატივა “აწარმოე საქართველოში” მიმართულია კერძო ბიზნესის დაფუძნებაზე, რაზეც სახელმწიფოს დახმარება იქნება.
მინისტრის განმარტებით, მეწარმეებს სახელმწიფო სხვადასხვა კუთხით დახმარებას გაუწევს, მათ შორის როგორც ფინანსურს, ისე კონსულტაციების მხრივ.
“იმ მეწარმეებს, რომლებსაც სურთ შექმნან ახალი საწარმოები როგორც აგრო, ისე სამრეწველო მიმართულებით და სურთ გაჩერებული საწარმოების ამუშავება, ექნებათ საშუალება მიიღონ დახმარება სახელმწიფოსგან, მიიღონ სესხები 2 მილიონ დოლარამდე, ასევე, კონსულტაციები, განახორციელონ ინვესტიცია და აწარმოონ ქართული პროდუქცია”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი მეწარმეს შეეძლება, ახალი საწარმოსთვის წლიური ერთიდან სამ პროცენტამდე სესხი აიღოს.
კვირიკაშვილის თქმით, პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში სახელმწიფო დააფინანსებს სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 პროცენტს.
ანუ, მინისტრის განმარტებით, თუ მეწარმე ბანკიდან აიღებს სესხს, პირობითად, 13 პროცენტში, სახელმწიფო მას დაუფინანსებს 10 პროცენტს, დანარჩენ 3 პროცენტს კი ის თავად გადაიხდის.
რაც შეეხება უზრუნველყოფის ნაწილს, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ყველა ბანკი, მით უმეტეს, დამწყები ბიზნესის შემთხვევაში, ითხოვს უზრუნველყოფას და ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან 30 პროცენტით მოხდება გარანტირება, ანუ ბანკი შეღავათიან განაკვეთს მოითხოვს უზრუნველყოფის ნაწილში.
რაც შეეხება უძრავი ქონების კუთხით მხარდაჭერას, მინისტრის განმარტებით, გამზადებულია დაახლოებით ასამდე უძრავი ქონება თბილისსა და რეგიონებში, რომელიც სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცემა იმ მეწარმეებს, რომლებიც ახალ საწარმოს შექმნიან როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
“საუბარია იმაზე, რომ ქალაქის პირობებში საბაზრო ღირებულების ექვსმაგი ოდენობით უნდა მოხდეს საინვესტიციო ვალდებულებების აღება, თბილისის გარეთ, რეგიონებში კი, საბაზრო ღირებულების ოთხმაგი ოდენობით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.