შავი მარწყვის გამოყვანისას გენური მოდიფიკაციებისთვის არ მიუმართავთ
ანდრო ხეთერელი, საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის წევრი:
– მარწყვის ზოგი სახეობა სეზონზე ერთხელ გვაძლევს ნაყოფს, ზოგი კი უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში. ასეთ ჯიშებს რემონტანტულს უწოდებენ. მაგალითად, “დედოფალი ელისაბედი II” მარწყვის რემონტანტული სახეობაა, აქვს მსხვილი წითელი ნაყოფი; “ბრაიტონი” მდგრადია მავნებლებისა და ავადმყოფობის მიმართ, ყინვაგამძლეა, აქვს მოწითალო-ნარინჯისფერი მსხვილი ნაყოფი; ადრეული ჯიშია “განთიადი”, რომელიც მაღალ ბუჩქებად იზრდება და საშუალო ზომის, წითელი, მომჟავო-მოტკბო ნაყოფი აქვს, ის ყინვაგამძლეობით გამოირჩევა და ბევრი მორწყვა სჭირდება; “საფესტივალო” კი ნაყოფს იძლევა სეზონის შუა პერიოდიდან, ყინვაგამძლეა, მდგრადია ავადმყოფობის მიმართ და მსხვილი, წითელი ნაყოფი აქვს; ძალიან მსხვილია “გიგანტელას” ნაყოფი, რომელიც ჰოლანდიური სელექციისაა.
საქართველოში, ძირითადად, გავრცელებულია მარწყვის ორი ჯგუფი: ჯიშები, “ლენინაკანი”, “ლენინაკანი 1”, “მისოვკა”, “როზოვაია” და სხვ.
– როგორ უნდა შევარჩიოთ ნაკვეთი მარწყვის დასარგავად?
– სასურველია, ნაკვეთზე არ იყოს ხეები და ბუჩქები, რათა ნარგავები არ დაჩრდილონ. შესაძლოა, მიწა ოდნავ დაქანებულიც იყოს, ეს კარგია ზედმეტი წყლის გადინებისთვის. არ არის რეკომენდებული მათი დარგვა დაჩრდილულ დაბლობებში, ცივი ჰაერის გამო ყვავილები შეიძლება დაზიანდეს. სასურველია, მარწყვი დავრგოთ იქ, სადაც ადრე გვეთესა ხახვი, მწვანილი, ან მარცვლეული კულტურები. არ შეიძლება მისი იქ დარგვა, სადაც იყო კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, რათა ამ მცენარეების დაავადებები არ დაემართოს.
– ნიადაგი როგორ უნდა მოვამზადოთ?
– მარწყვისთვის ყველაზე კარგია შავი, მომჟავო ნიადაგი. თუ ნიადაგი შეუფერებელია, შესაძლებელია მისი დამუშავებაც. მაგალითად, აერაციის გასაუმჯობესებლად ნიადაგში შეაქვთ ორგანული სასუქი (12-15 კგ/კვმ). ზედმეტი წყლის გადინებისთვის თხრიან რუებს. 1-2 მეტრიან მონაკვეთზე შეაქვთ სასუქი: ნეშომპალა – 8-10 კგ, სუპერფოსფატი – 80-100 გ, კალიუმის მარილი – 50-60 გ. მარწყვის გაზაფხულზე დასარგავად სასუქი წინა წლის შემოდგომით შეაქვთ, ხოლო შემოდგომით დასარგავად – გაზაფხულზე. ერთ ადგილას მარწყვი 3-4 წელი მოჰყავთ.
– როდის არის უმჯობესი მარწყვის დარგვა?
– გაზაფხულზე, რაც შეიძლება ადრე, აპრილის პირველ რიცხვებში ჯობს, ასე ის განვითარებით წინა წლის შემოდგომაზე დარგულს არ ჩამორჩება. ცოტა მოგვიანებით დარგული მარწყვი (აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში) ნელა ვითარდება. თუ ზაფხულში დავრგავთ (ივლისი-აგვისტო), მოსავალს მომდევნო წელს აიღებთ. ზაფხულში მარწყვის დარგვა უმჯობესია მოღრუბლულ ან წვიმიან ამინდში. შემოდგომაზე მარწყვის დარგვა სასურველია 20 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე.
– მარწყვი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში მოდის, არადა შარშან, ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, ბევრი მარწყვი მოიყვანეს დასავლეთშიც. სათანადო მოვლით მარწყვის მოყვანა ყველა რეგიონში შეიძლება?
– აღმოსავლეთით მარწყვისთვის საუკეთესო გეოგრაფიული არეალია მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადი მდინარეების ხეობებში (ბორჯომის, ქსნის, არაგვის, გლდანის, ლოჭინის და სხვ.) განლაგებული ტერასები და აგრეთვე მთიანი ზონა (თიანეთი, კოჯორი, წყნეთი, კიკეთი და სხვ.). თუმცა საქართველოში მარწყვის მოყვანა მეტ-ნაკლები წარმატებით შესაძლებელია ყველა სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე, რომელიც ზღვის დონიდან 350-დან 1300 მ-მდეა.
– არ შეიძლება, მარწყვი მთელი წლის განმავლობაში მოვიწიოთ და ადგილობრივი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ?
– სათბურში მთელი წლის განმავლობაში შეიძლება მარწყვის რემონტანტული ჯიშების მოყვანა. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ საკუთარი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს, ოღონდ ამისთვის საჭიროა, ქართველ ფერმერებს მეტად მიუწვდებოდეთ ხელი მარწყვის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
მარწყვის ჩითილის დარგვა
მარწყვის ჩითილი თესლიდან გამოჰყავთ (მარწყვის ნაყოფს რომ წიპწები აქვს, სწორედ ეს გახლავთ თესლი). ეს სპეციფიკური პროცესია, ამიტომ გირჩევთ, გამოყვანილი ჩითილი შეიძინოთ. მისი დარგვა ძალიან მარტივია. ნიჩბით თხრიან ორმოს. ჩითილს ათავსებენ ორმოში ისე, რომ მისი შუა ნაწილი ნიადაგის ზედაპირის დონეზე იყოს (იხ. სურათი). შემდეგ ფესვებს აყრიან მიწას და ნიადაგს ხელით ტკეპნიან. დარგვისთანავე კარგად რწყავენ (0,5 ლ ერთ ნარგავზე). მორწყვა საჭიროა ყოველ 7-10 დღეში, სანამ ნარგავი არ გამოცოცხლდება.
შავი მარწყვი
ჩინეთში გამოიყვანეს ე.წ. შავი მარწყვი, რომლის თესლის გამოწერა და შეძენა ინტერნეტითაც შეიძლება. სინამდვილეში, ამ ჯიშის ნაყოფი შავი კი არა, ძალიან მუქი იისფერია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჯიშის გამოყვანისას გენური მოდიფიკაციებისთვის არ მიუმართავთ.
თეთრი მარწყვი
“პაინბერი” – თეთრი მარწყვი ანანასის გემოთი. ამ უნიკალური ჯიშის სამშობლო სამხრეთი აფრიკაა. გადაშენების პირას მყოფი მცენარე ჰოლანდიელმა ფერმერებმა გადაარჩინეს. “პაინბერის” მწიფე ნაყოფი თეთრია და წითელი წიპწა აქვს.