ექსპერტების მიერ შემუშავებულმა საარსებო მინიმუმმა ოფიციალურ მაჩვენებელს ორჯერ გადააჭარბა
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის შემუშავებული ახალი მეთოდოლოგიით საარსებო მინიმუმმა აპრილის თვეში 309 ლარი და 17 თეთრი შეადგინა. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დათვლის ახალი მეთოდოლოგიით მინიმალურ სასურსათო კალათაში პროდუქციის რაოდენობა 40–დან 56–მდე გაიზარდა.
რამაზ გერლიანის განმარტებით, გაიზარდა კილო-კალორიულობა, რამაც 2300–ის ნაცვლად 2500 შეადგინა. შემოწმდა პროპორციები სასურსათო და არასასურსათო კალათებს შორის, რაც სასურსათო კალათის შემთხვევაში 55%, ხოლო არასასურსათო კალათის შემთხვევაში 45%–ია. არსებული პროპორციებით კი სასურსათო კალათის წილი 70%–ია. პროდუქციაზე სეზონური ფასებიდან გამომდინარე ცენტრმა შემოიტანა ზამთრის და ზაფხულის კალათაც.
გერლიანის განმარტებით, პირველადი მოხმარების საგნები, რაც ზამთარში უფრო მეტად საჭიროა, თანხებში იქნება გამოყვანილი. 8 რეგიონის, მათ შორის თბილისის მონაცემების გასაშუალებით ცენტრმა მიიღო ინფორმაცია რამდენი იყო შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აპრილში. გერლიანის აზრით, დღევანდელი საარსებო მინიმუმი, რაც 150 ლარია, მეთოდოლოგიური შეცდომებით არის მიღებული. მათ შორის გათვლის არასწორი მეთოდით, პროპორციებით და დაბალი კილოკალორაჟით. მიღებულ შედეგებს ხელისუფლებას გადაუგზავნის.