წელს საქართველოში 1-1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა
წელს საქართველოში 1 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა. ექსპერტებისთვის ეს მაჩვენებელი მოულოდნელი არ ყოფილა გამომდინარე იქიდან, რომ ინვესტიციების შემომტანი თანაინვესტირების ფონდი აქტიური არ არის. მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი კრედიტები კი სასურველ საინვესტიციო ამინდს ვერ ქმნის.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-სთან მიმართებაში 6,2% იქნება. შესაბამისად, “რეზონანსის“ გათვლებით, 2014 წელს ქვეყანაში დაახლოებით 1-1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა, ანუ მაქსიმუმ 180 მილიონი დოლარით მეტი. შარშანდელთან შედარებით. 2013 წლის საინვესტიციო მონაგარი 914 მილიონი დოლარია.
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ იმ თანხების ათვისება, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა გამოყვეს, წელს სრულად ვერ მოხდება. გარდა ამისა, სათანადოდ ვერ ამუშავდა თანაინვესტირების ფონდი, შესაბამისად, საქართველო ინვესტიციების სიჭარბეს წელსაც არ უნდა ელოდოს.
„ვფიქრობ, 1-1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მივიღებთ. აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 600 მილიონი დოლარის წელს ათვისება ვერ მოხდება, იგი უფრო გათვლილია მომავალ წელზე. ასეთივე მდგომარეობაა სხვა ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, ვერ ამუშავდა თანაინვესტირების ფონდიც. რაიმე სერიოზული პროექტი არ დაფინანსებულა~, – ამბობს ჯგერენაია.
სხვათა შორის, შარშან მთავრობაში, 2-მილიარდიანი ინვესტიციის გეგმის ჩავარდნა იმით ახსნეს, რომ საინვესტიციო ფონდების ფორმირება, რომლებსაც ინვესტორებთან უნდა ემუშავა და მათთვის რეალური პროექტები შეეთავაზებინა, გვიანდებოდა. ამიტომაც ინვესტიციების ბუმი 2014 წლიდან უნდა დაწყებულიყო.
თანაინვესტირების ფონდი შეიქმნა, მაგრამ ვერ ამოქმედდა.
ცოტა ხნის წინ, ფონდში აღნიშნეს, რომ 6 მილიარდი დოლარია მობილიზებული, ხოლო 1 მილიარდზე მეტი ღირებულების პროექტებია დამტკიცებული. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პროექტები, ძირითადად, ვირტუალურად არსებობს, ხოლო მათი დამფინანსებლები ჯერჯერობით არ ჩანან.
გარდა ამისა, ინვესტიციების სიმწირის მიზეზად დასახელდა ისიც, რომ შარშან და შარშანწინ ორმა არჩევნებმა ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში ამყოფა. გარდამავალ პოლიტიკურ პერიოდში კაპიტალდაბანდება არც ისე მარტივი იყო.
ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ დღეს უკვე საინვესტიციო სიდუხჭირე არჩევნებს, ორხელისუფლებიანობას ან შიდაპოლიტიკურ დაძაბულობას ვეღარ დაბრალდება. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები მინიმალურ უარყოფით გავლენასაც კი არ ხადენს ბიზნესის პოლიტიკაზე.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოში 1-1,2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემოსვლა რეალურია, მაგრამ ეს რაოდენობა ეკონომიკური წინსვლისთვის საკმარისი არ არის. აბაშიშვილის აზრით, ეკონომიკის ერთბაშად გაჯანსაღებისთვის, საინვესტიციო მონაცემები 2007 წლის მონაცემებს მაინც უნდა მიუახლოვდეს. მაშინ საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2მილიარდს გადააჭარბა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს ქვეყანაში 914 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2012 წელს – 865 მილიონი დოლარი, 2011 წელს – 1,1 მლრდ დოლარი, 2010 წელს – 814 მილიონი დოლარი, 2009 წელს კი ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მოცულობამ მხოლოდ 659.1 მილიონი დოლარი შეადგინა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 1.56 მლრდ აშშ დოლარი იყო. 2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2.014 მლრდ დოლარი შეადგინა, 2006 წელს კი – 1.19 მილიარდი, ხოლო 2005 წელს – 449.8 მილიონი დოლარი.
მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიაში მითითებულია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ევროკავშირთან გაუმჯობესებულ კავშირებზე, რუსეთთან გაუმჯობესებულ ურთიერთობებზე და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში აღწერილი რეფორმების პროგრამაზე, რომელიც კერძო ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს და სახელმწიფოს მიერ კაპიტალური ხარჯების გაწევაზე დამოკიდებულებას შეამცირებს.