მიწის აღრიცხვინობის და რეგისტრირების პროექტს საჯარო რეესტრი 2014 წლის ივლისში დაიწყებს
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში 2014 წლის დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენს, მათ შორის, ვერც მემკვიდრეობით მიიღებს უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი.
ეს შეზღუდვა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, არასასოფლო–სამეურნეო მიწაზე, 2012 წლის დეკემბერში, აღრიცხვიანოსბის მოწესრიგების მოტივით დააწესა.
საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი 2014 წლის 31 დეკემბერს გაუქმდება. თუმცა, მანამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაწესებული მორატორიუმიდან 10 თვის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები ამბობენ, რომ მთავრობამ შეცდომა დაუშვა და აბსოლუტურად ანტისაბაზრო გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, მათი აზრით, საკანონმდებლო ცვლილებამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია და საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეების უფლებები შეზღუდა, რადგან მსხვილი ბიზნესი ვეღარ განვითარდა, ხოლო წვრილმა ფერმერებმა დაპირებული ინვესტიციები ვერ მიიღეს.
საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმის გამო უცხოური ინვესტიციების შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ტყუილს უწოდებს.
„მითხარით ერთი კონკრეტული მაგალითი; ვინც ამას ამბობს, მზად ვარ მოვისმონო კონკრეტული არგუმენტები და არ გავმართო ჭორაობა“, – განუცხადა commersant.ge–ს გიგლა აგულაშვილმა.
ფერმერი ოთარ საბიაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ უცხოელებისათვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმის შემოღების შემდეგ, ბაზარზე ინვესტორების აქტივობა შემცირდა. მისი ინფორმაციით, ამის გამო ეგვიპტურმა კომპანიამ, რომელსაც მესაქონლეობის ფერმა უნდა აეშენებინა, ქვეყნიდან 1 მილიონი დოლარის ჩამორიცხული ინვესტიცია უკან გაიტანა.
დაგეგმილი ინვესტიციების ჩავარდნაზე სხვა ფერმერებიც საუბრობენ. ეს ეხება სართიჭალაში ებრაული ინვესტიციით სათბურის მოწყობას და გურჯაანში ინდოელი ფერმერის მიერ ატმის ბაღის გაშენებას.
ამასთან, ფერმერთა მომსახურებისა და ტრეინინგების ცენტრი “აგროკომში” ამბობენ, რომ მიწაზე მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, თანამედროვე ფერმის შესაქმნელად გამიზნული 100–მდე პროექტი ვეღარ განხორციელდა.