ყვარლის გამგებლობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძე იქნება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყვარლის რაიონის გამგებლობის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძე იქნება, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხატია დეკანოიძე ღირსეული კანდიდატია, რომელიც გაიმარჯვებს.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყვარლის რაიონის გამგებლის კანდიდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძე იქნება. ის არის პირველ რიგში ძალიან კარგი და გამოცდილი, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანი. მისი ცხოვრების საკმაოდ შეგნებული ნაწილი დაკავშირებულია ყვარელთან. მიგვაჩნია, რომ ყვარელში გვეყოლება ძალიან ღირსეული კანდიდატი და მჯერა, რომ ხატია ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს”, – აღნიშნა ღვინიაშვილმა.
რაც შეეხება ყვარელში განვითარებულ მოვლენებს, როგორც ღვინიაშვილმა განაცხადა, ეს შიდა კლანური ბრძოლაა.
“ყვარელში რაც მოხდა, ეს არის შიდაკლანური დაპირისპირება, რომელიც მიმართულია სკამების გადანაწილებისკენ და რომელსაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირი შეხება არ ჰქონია. ის, ვისაც დღეს კვერცხები ესროლეს, არც ის არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. ეს ადამიანი არის ყვარლის რაიონის ჩვეულებრივი შიხიაშვილი. ქევხიშვილის, რომელიც არის “ქართული ოცნების” წევრი და “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული გამგებელი, გუნდის წევრმა თქვა, რომ მათ უპირისპირდებათ საქართველოს შს მინისტრის პირველი მოადგილე ზედელაშვილი. დღევანდელი ხელისუფლების შს მინისტრის პირველ მოადგილეს “ნაციონალებთან”, მე მგონი, რომ ვერავინ დააკავშირებს”, – აღნიშნა ღვინიაშვილმა.