ახალი ამბები

უკრაინის კრიზისის ფონზე ბუნებრივი აირისა და ნავთობის რესურსებმა გაძვირება დაიწყო

ინვესტორების მზარდი შეშფოთების ფონზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ნავთობისა და გაზის ფასებმა საერთაშორისო ბირჟებზე მატება დაიწყო. 

 დღეს დილით ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 2 პროცენტით გაძვირდა და 111.24 აშშ დოლარი შეადგინა ბარელზე ლონდონში, ICE Futures Europe ფიუჩერსების ბირჟაზე.

 

 ბუნებრივი აირის ფიუჩერსებზე კი ფასმა 2,8 პროცენტით იმატა და მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე (BTU) 4.736 აშშ დოლარი შეადგინა NYMEX ბირჟაზე ნიუ იორკში.

 

 ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი რესურსების ფასები მატებას განაგრძობს, რადგან ბაზარი უკიდურესად სენსიტიურია უკრაინაში დაწყებულ მოვლენებთან მიმართებაში.

 

ამასთან, ეს ტენდენცია უფრო მეტად შესამჩნევი იქნება გაზზე, ვიდრე ნავთობზე, რადგან, ნავთობის ბაზარი კარგად მომარაგებულია. Bloomberg-ის ინფორმაციით, დაახლოებით 3,5 მილიონი ბარელის ნავთობია რეზერვების სახით ბაზარზე ამ მომენტისათვის.

 

ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის კრიზისი, სავარაუდოდ, ნავთობის ფასს ბარელზე 5 დოლარით გააძვირებს.