ახალი ამბები

თბილისის მთავრობასთან მეგობრობა ორმა ევროპულმა ქალაქმა შეწყვიტა

თბილისთან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაძმობილებული გერმანული ქალაქი, ზაარბრიუკენი, საქართველოს დედაქალაქთან მეგობრობას წყვეტს.

ზარბრიუკენის მერის, უვე კონრადტის განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო მიიღეს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არ შეაჩერებს სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობას.“

თბილისის მერი გერმანული ქალაქის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გერმანელი ხალხის მიმართ დაწერილი სამძიმრის წერილით პასუხობს და “გერმანულ ბიუროკრატიას” “დიფ სთეითის” მორჩილებად ხატავს.

ზაარბრიუკენი მეორე ევროპული ქალაქია, რომელმაც თბილისთან გაწყვიტა მეგობრობა.

თბილისთან მეგობრული ურთიერთობა პირველმა ფრანგულმა ქალაქმა ნანტმა გაწყვიტა, 2025 წლის ივნისში. ნანტის შემთხვევაშიც, მიზეზებს შორის დასახელებული იყო პოლიტიკური ვითარება. ცალკე იყო აღნიშნული დემონსტრანტებზე ძალადობა და მერიიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე თანამშრომლების გათავისუფლება.

ცნობები იმის შესახებ, რომ 1975 წელს თბილისთან დაძმობილებული გერმანული ქალაქი საქართველოს დედაქალაქთან მეგობრობას წყვეტს, გერმანულ მედიაში 18 მაისს გაჩნდა. ადგილობრივი გამოცემის, Zaarbrucken Zeitung-ის ინფორმაციით, ქალაქის საბჭო მეგობრობის შეწყვეტის საკითხზე ხუთშაბათს, 21 მაისს, იმსჯელებს.

ზაარბრიუკენის ამ გადაწყვეტილების ფონია გერმანიის მთავრობის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან შემცირებული თანამშრომლობა და პროექტები საქართველოში ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერების, დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლის და ევროინტეგრაციის შეწყვეტის შემდეგ.

“თბილისის მერი, სადაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცხოვრობს, არის არა მხოლოდ დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი, არამედ პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხარს უჭერს და იზიარებს პასუხისმგებლობას საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე” – ადგილობრივი გამოცემა ზაარბრიუკენის ქალაქის ხელმძღვანელობის ამ პოზიციით ხსნის გადაწყვეტილებას თბილისთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ.

რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიის პრესსამსახურში იკითხა, კახა კალაძის ფეისბუკზე გამოქვეყნებული “სამძიმრის წერილი” მერიის პოზიციად უნდა მიგვეღო თუ მერიის მხრიდან ინსტიტუციური პასუხიც იქნებოდა გერმანულ ქალაქთან დასრულებული მეგობრობის შესახებ. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გვეხელმძღვანელა კალაძის პოსტით.

“სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება”, – წერს კალაძე გერმანელი ხალხისადმი დაწერილ “სამძიმრის წერილში”, რომელშიც ის გერმანიას წარმოაჩენს “ჭაობში ჩაფლულად” და “უდიდესი გამოწვევების წინაშე” მდგარ სახელმწიფოდ, რომელსაც “სოციალური დაძაბულობა და ღირებულებით კრიზისი”, “კრიმინალის კატასტროფულად გაზრდილი მაჩვენებელი” და “დემოგრაფიული პრობლემები” აწუხებს. კალაძე თვლის, რომ ამ ვითარებაში უცნაურია, გერმანელი ბიუროკრატები საქართველოსთვის რომ იცლიან.

კალაძე ამ წერილში ახსენებს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დემონსტრანტებზე ძალადობასაც სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც “ქართული ოცნების” ლიდერების რიტორიკაში პირველად გაჩნდა, როცა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მან მთავრობის სახელით მიმართა ევროპულ სტრუქტურებს კითხვებით. კობახიძის თქმით, ამავე წერილში დაგმობილია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში „პოლიციის მიერ დემონსტრანტებზე ძალადობა“.