ახალი ამბები

რატომ მცირდება საქართველოში ნათესი ფართობი

საქართველოში ნათესი ფართობები შემცირებას განაგრძობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2025 წელს ნათესი ფართობი 188.4 ათასი ჰექტარი იყო, რაც 2024 წელთან შედარებით 1.6%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 7.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

„მოვლა-მოყვანა-რეალიზაციის ჯაჭვი ქვეყანაში სწორად დალაგებული არ არის“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ქვეყანაში ნათესი ფართობების შემცირებაზე საუბრისას „მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, მანანა ანჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მანანა ანჯაფარიძე აცხადებს, სოფლის მეურნეობის დარგების მიმართ ინტერესის კლება წამგებიანი გამოცდილებებითაა განპირობებული, რასაც ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, იმპორტირებულ პროდუქციასთან არაკონკურენტულობა, ფერმერებში შესაბამისი კვალიფიკაციის ნაკლებობა და საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა იწვევს.

„ფერმერი აბსოლუტურად მარტო რჩება პრობლემების პირისპირ“
„პრობლემა სოფლის მეურნეობაში კომპლექსურია. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფულად რესურსზე წვდომაა. მართალია, არსებობს შეღავათიანი აგროკრედიტი, მაგრამ სესხს თუ შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია არ დავახვედრეთ, ფერმერი პრაქტიკულად, აბსოლუტურად მარტო რჩება. წარმოიდგინეთ, ცოდნა არ აქვს შესაბამისი და თანაც, ბევრ პრობლემასთანაა შეჭიდებული.

აქ შემოდის შედარებით დაბალფასიანი იმპორტის საკითხიც, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს ადგილობრივი წარმოებით დაინტერესების პრობლემას. ბუნებრივია, ადგილობრივი წარმოება მეტი ჯდება, რასაც ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის: შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების არარსებობა, არასათანადო სარგავ-სათესლე მასალები და სტანდარტებთან შეუსაბამო სანერგეები. წარმოიდგინეთ, ნერგი ვერ გამოგყავს. არცერთი სანერგე, რომელზეც სახელმწიფოს ლიცენზია აქვს გაცემული, სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის.

ამ ყველაფრის შედეგებს ვხედავთ კონკრეტული კულტურების წარმოებაში. მაგალითად, მარწყვზე რომ ვისაუბროთ, ევროპელი ფერმერი ჰექტარზე საშუალოდ, 40–50 ტონა მარწყვს იღებს, ჩვენი ფერმერი მაქსიმუმ, 6 ტონამდე.

პრობლემა ასევე ეხება მუშახელსაც. ვთვლი იმასაც, რომ საჭიროა, ამოქმედდეს საშეღავათო პირობები პირველად წარმოებაზე მაინც, საშემოსავლო და საგადასახადო კუთხით. აუცილებელია, რეგიონების მიხედვით გამოიკვეთოს პრიორიტეტები. დარგებისა და კულტურების განაწილება მოხდეს კლიმატური პირობების გათვალისწინებით. ზოგი რეგიონი უფრო მეტად შესაფერისია ყურძნისთვის, სხვებში მარწყვი უკეთ მოდის. უნდა შეფასდეს ეს ყველაფერი.

ფერმერული სექტორი ვეღარ იწვევს ინტერესს, როცა არასათანადო და წამგებიანი გამოცდილება ბევრია. თუნდაც, გვერდითა მეზობლის გამოცდილებამ ჩაიარა წარუმატებლად, უკვე აღარ შემოდის სექტორში არავინ. მრავალი წლის გამოცდილება გიჩვენებს, რომ არავინ არაფერს გასწავლის. როგორღაც მოიყვან მოსავლს, მაგრამ ეს საჭირო რაოდენობა არ არის, თავისთავად აღარ გინდა შეხვიდე წამგებიან სფეროში.

ერთეულის ფასი, მაგალითად, კილოგრამზე, იზრდება. ამის გარდა, ფერმერს ემატება სესხის პროცენტი, ბაზარზე კი უწევს კონკურენცია იმპორტირებულ, იაფფასიან პროდუქტთან. ასევე, რთულია მარკეტებში შესვლაც. პრობლემაა ისიც, რომ შემნახველი ინფრასტრუქტურა გამართული არ არის. ის მასშტაბი, რომელიც ჩვენ ამ კუთხით გვჭირდება, არ გვაქვს“, – განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, შესაძლებელია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგი რამდენიმე წელიწადში სწორ რელსებზე დადგეს.

„თუ პოლიტიკური ნება იქნება, სოფლის მეურნეობა სწორ რელსებზე რამდენიმე წელიწადში დადგება“
„მთელი ეს მოვლა-მოყვანა-რეალიზაციის ჯაჭვი ქვეყანაში სწორად დალაგებული არ არის. დიახ, არსებობს სახელმწიფო პროგრამები ფერმერთა მხარდაჭერისთვის, მაგრამ ეს საწყის ეტაპზე იყო ქაოსური და შემდეგი კორექტირება, დახვეწა პრაქტიკულად, არ მომხდარა. აუცილებელია, მთელი ღირებულებათა ჯაჭვი იყოს სისტემურად გამართული – სწავლიდან დაწყებული, დაფინანსებისა და მოვლა-მოყვანის მექანიზმებით გაგრძელებული, პროდუქტის რეალიზაციამდე.

შესაძლებელია, რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში სოფლის მეურნეობა სწორ რელსებზე დადგეს, თუ იქნება პოლიტიკური ნება ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ“, – აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.