გარემოს დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. კანონპროექტი გარემოს დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებასა და მუნიციპალიტეტებისთვის ახალი უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს.
დღეს მოქმედი რედაქციით, სანქციები მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება. კერძოდ, დაჯარიმდება მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული მანქანებისა და სხვა ამტვერებადი თუ ფეთქებადი მასალების განთავსება/რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც დედაქალაქის საკრებულოს მიერ არ არის განსაზღვრული.
კანონპროექტის მომხსენებლის, ირაკლი შატაკიშვილის განმარტებით, ცვლილების მიზანია, თბილისის მსგავსად, ყველა სხვა მუნიციპალიტეტსაც მიეცეს შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს წესები და ადგილები მსგავსი მასალების განსათავსებლად. წესების დარღვევისთვის კი შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები დაწესდება.
კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმები ასე გამოიყურება:
აკრძალულ ადგილას განთავსება/რეალიზაცია: თუ პირი საბურავებს, ჯართს ან სხვა დამაბინძურებელ მასალებს განათავსებს იქ, სადაც ეს საკრებულოს დადგენილებით აკრძალულია, ფიზიკური პირი 2 500 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 5 000 ლარით.
წესების დარღვევა ნებადართულ ადგილებში: იმ შემთხვევაში, თუ მასალების განთავსება ხდება ნებადართულ ტერიტორიაზე, თუმცა დადგენილი წესების დარღვევით, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 1 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 2 500 ლარი იქნება.
ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული რეგულაციები ძალაში 2026 წლის 1 ოქტომბრიდან შევა.

