ვის დასჭირდება სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის მიღება
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა ნორმა, რომლითაც განისაზღვრება სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემის ცნება. სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას.
„აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ მიმართულია ღვინის სექტორის გაძლიერებისკენ. 2026 წლის 1 მაისამდე შემუშავდება კანონქვემდებარე აქტი, სადაც დეტალურად გაიწერება სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის წესები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვაზის ნერგები უნდა იყოს მიკვლევადი, ნიადაგის და კლიმატის კრიტიკული მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრულ მაჩვენებლებს; სწორედ მათი შეუსაბამობა გახდება ვენახის გაშენების თანხმობაზე უარის მიზეზი“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, ვერ მოახდენს კომერციული მიზნით ყურძნის ან ღვინის რეალიზაციას. ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.

