ახალი ამბები

კლინიკა “მედიქალში” პაციენტებს ტელემედიცინის საშუალებით მოემსახურებიან

“კლინიკა “მედიქალი” გაიხსნა”, – ამის შესახებ ექიმმა დავით მრელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განმარტებით, კლინიკაში პაციენტებს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები ტელემედიცინის საშუალებით მოემსახურებიან.

დავით მრელაშვილის თქმით, ვებ-პორტალზე ვიზიტის დაჯავშნა ორშაბათიდან არის შესაძლებელი.

“პირველ 10 ნევროლოგიურ პაციენტს მოვემსახურები თავად, რათა დეტალურად გავიარო ლაივ-სამუშაო პროცესის თითოეული საფეხური (workflow) და თუ რაიმე პროცედურული, ტექნოლოგიური თუ სხვა ნიუანსია საყურადღებო – ყველაფერი ოპერატიულად გავასწოროთ.

პაციენტებისთვის პორტალის მისამართია: https://patientportal.medicall.online.ge/ მარჯვნივ, ზემოთ კუთხეში რეგისტრირდებით, რის შემდეგაც შეძლებთ ვიზიტის დანიშვნას.

ნებისმიერი კითხვით ან უკუკავშირით მოგვმართეთ მეილზე: support@medicall.online.ge .

ქართულენოვანი ვებგვერდი უკვე გზაშია და მომდევნო კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. გირჩევთ, დააფოლოვოთ ჩვენი “ფეისბუქის” გვერდი: Medicall Facebook, სადაც დაიდება ბევრი საინტერესო ინფორმაცია: სიახლეები მედიცინაში; ჩემთვის საყვარელი თემა — მითები და რეალობა სამედიცინო პრაქტიკაში; სპეციალური შემოთავაზებები და სხვა.აქვე შეგიძლიათ მარტივად მოგვწეროთ “ფეისბუქ” მესენჯერით.

ამ მომენტში, მიზანმიმართულად წვდომადია მხოლოდ ერთი ექიმი — მე, რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს.

მომდევნო კვირიდან ეტაპობრივად დაემატებიან სხვა ექიმები და სპეციალისტებიც.

ჩვენი კლინიკა განკუთვნილია სამი ტიპის პაციენტისთვის:

მათთვის, ვისაც სურს უცხოეთის კლინიკებში (თურქეთი, გერმანია და ა.შ.) წასვლა დიაგნოსტიკისთვის. აქ თქვენ შეძლებთ მიიღოთ მაღალი დონის პროფესიონალური აზრი გაცილებით ნაკლები დანახარჯით (მით უმეტეს, რომ ხარისხიანი აპარატურა და პრეპარატები საქართველოში ხელმისაწვდომია).
მათთვის, ვინც უკვე ბევრი ექიმი „შემოიარა“, დახარჯა დიდი რესურსი და აქვს კონკრეტული კითხვები თავისი დაავადების შესახებ.
მათთვის, ვისაც აქვს სამედიცინო პრობლემა და თავიდანვე სურს ხარისხიანი მომსახურების მიღება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მოგვწერეთ მაქსიმალურად ბევრი უკუკავშირი — იდეებით დაწყებული, შთაბეჭდილებებით დამთავრებული. https://www.facebook.com/share/1C7jgUsiLC/?mibextid=wwXIfr

ეს ჩვენთვის უმთავრესია ხარისხის მუდმივი კონტროლისა და გაუმჯობესებისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს დავით მრელაშვილი.

რა არის ტელემედიცინა?
ტელემედიცინა, იგივე მედიცინაა, რომელიც ოპერირებს დისტანციურად. ტელემედიცინა შესაძლებელს ხდის, პაციენტებთან კონსულტაცია და რეკომენდაციები ონლაინ გაიცეს.

დღესდღეობით არსებობს ტელემედიცინის 3 გავრცელებული ტიპი:

ინტერაქტიული მედიცინა – რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტებსა და ექიმებს რეალურ დროში დაუკავშირდნენ ერთმანეთს;

შენახვა და გაგზავნა – რაც პროვაიდერებს აძლევს საშუალებას, გაუზიარონ პაციენტის ინფორმაცია სხვა ადგილას მყოფ პრაქტიკოსს;

პაციენტის დისტანციური მონიტორინგი – რომელიც საშუალებას აძლევს დისტანციურ მომვლელებს, თვალყური ადევნონ სახლში მცხოვრებ პაციენტებს მობილური სამედიცინო მოწყობილობების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების მიზნით (მაგ. სისხლში შაქარი ან არტერიული წნევა).

დავით მრელაშვილი ამერიკაში მოღვაწე თელაველი ექიმია.