ახალი ამბები

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.

დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც უშუალოდ ტაძარი, ისე ეზო.

აღსანიშნავია, რომ სამების საკათედრო ტაძარში შესვლა დღეს მხოლოდ სპეციალური საშვებით არის ნებადართული, მათ შორის მედიის მუშაობისთვისაც გამოყოფილია სპეციალური სივრცე.

სამების საკათედრო ტაძარში შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან სასულიერო პირებიც. სამების საკათედრო ტაძარში დამონტაჟებულია სპეციალური ეკრანები, სადაც შესაძლებელია სრული მსახურების პირდაპირ ეთერში ყურება.

მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა პატრიარქის გამოსვენების შემდეგ, 15:00 საათიდან, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე, სამგლოვიარო მსვლელობისას.

წირვა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

15:00 საათზე კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით.

მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზებული იქნება ცოცხალი დერეფანი და მოსახლეობას საშუალება ექნება ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გასული დღეების განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.