ახალი ამბები

Freedom House: თავისუფლების რეიტინგში საქართველო სამეზობლო ქვეყნებს შორის ლიდერი აღარაა

Freedom House-ის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში თავისუფლების დონე 4 პუნქტით გაუარესდა, რაც ევრაზიის რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულიანი გაუარესებაა.

Freedom House-ის ანგარიშს მიხედვით, გაუარესების მაჩვენებლით, საქართველოს მხოლოდ გვინეა-ბისაუ, ტანზანია, ბურკინა ფასო, ელ-სალვადორი და მადაგასკარი უსწრებს. გარდა ამისა, საქართველომ წელს სამეზობლოში თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, ლიდერი სახელმწიფოს პოზიცია დაკარგა. 2026 წლის ანგარიშით საქართველო წელს უკვე სომხეთს ჩამორჩება.

2026 წლის ანგარიშით საქართველოს რეიტინგი ახლა 51-ია და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად მიიჩნევა. გასულ წელს ქვეყნის რეიტინგი 55 იყო.

„საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტები, რომლებიც 2024 წელს დაიწყო, 2025 წელსაც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და არასათანადო მოპყრობას აწყდებოდნენ. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ოპონენტები ფიზიკური თავდასხმების, შევიწროებისა და ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების სამიზნე გახდნენ, რომლებიც მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისთვის ხელის შეშლას საზოგადოებრივ საქმიანობაში“, — ნათქვამია ანგარიშში.

Freedom House-ის ანგარიშში ასევე ნახსენებია თეა წულუკიანის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაც და განათლების სექტორი.

„საქართველოში, პროფესორები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებდნენ, სამსახურში გათავისუფლების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც დაკავშირებული იყო მმართველი “ქართული ოცნების” ფართო მცდელობებთან, განეხორციელებინა პოლიტიკური კონტროლი განათლების სისტემაზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ დააარსა საპარლამენტო კომისია ოპოზიციის წევრების შესასწავლად და დააპატიმრა ისინი, ვინც მონაწილეობაზე უარს ამბობდა, ზოგიერთს კი ცილისწამებით ან გამოგონილი ბრალდებებით მიუსაჯეს პატიმრობა. ეს ზომები ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ საქართველოს წლიური მაჩვენებელი 4 ქულით შემცირდა, რაც ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდი კლებაა”, – წერია ანგარიშში.

რაც შეეხება ჩვენი მეზობელი ქვეყნების თავისუფლების მაჩვენებელს, Freedom House-ის მიხედვით, სომხეთის რეიტინგი 54-ია (გასულ წელსაც 54), რუსეთის – 12 (გასულ წელსაც 12), აზერბაიჯანის – 6 (გასულ წელს 7), ხოლო თურქეთის – 32 (გასულ წელს 33). ცნობისთვის, რაც უფრო ახლოსაა 100-თან ქვეყნის რეიტინგი, მით უფრო თავისუფალია ქვეყანა. ამ მხრივ 100-დან 100 აქვს ფინეთს, რომელიც ყველაზე თავისუფალი ქვეყნების სათავეშია.

მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე კი, Freedom House-ი წერს, რომ უკვე ზედიზედ მე-20 წელია მსოფლიოში თავისუფლების მაჩვენებელი მცირდება. 2025 წელს კი 54 ქვეყანაში პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებში გაუარესება დაფიქსირდა, ხოლო მხოლოდ 35 ქვეყანაში შეინიშნებოდა გაუმჯობესება.

სრულად თავისუფალ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა აშშ–ში, ბულგარეთსა და იტალიაში. აშშ–ში ნეგატიურ ქულათა ცვლილებას ხელი შეუწყო საკანონმდებლო დისფუნქციისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დომინაციის გაძლიერებამ, მოქალაქეების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობაზე გაზრდილმა წნეხმა და ახალი ადმინისტრაციის ანტიკორუფციული მექანიზმების დაშლისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა. აშშ–მა ანგარიშის 100-ქულიან სისტემაში 3 ქულა დაკარგა”, – წერია ანგარიშში.

Freedom House ქვეყნების რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს და ის ქვეყნებში თავისუფლების მაჩვენებელს ასახავს.