შრომითი იმიგრანტებისა და თვითდასაქმებული უცხოელებისთვის შრომითი უფლებების გაცემის წესში ცვლილებებია
შრომითი იმიგრანტებისა და თვითდასაქმებული უცხოელებისთვის შრომითი უფლებების გაცემის წესში ცვლილებები შებიდა. ამის შესახებ „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაშია საუბარი. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებები განსაზღვრავს დეტალებს, თუ როგორ შეიძლება უცხოელებს შრომის უფლების გაცემის პროცედურები ჩატარდეს.
უფრო დეტალურად, ცვლილებები შეეხო იმ შემთხვევებს, როდესაც შრომის უფლებები შესაძლოა გაიცეს, თუ სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობით იკვეთება, რომ კონკრეტული სამუშაო მხოლოდ კონკრეტული პირის შესრულებით არის შესაძლებელი. ეს დებულება განსაზღვრავს, რომ ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს, სამუშაოს კონკრეტული უცხოელის შესრულების საფუძველი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უცხოელის დასაქმების აუცილებლობა უნდა იყოს დასაბუთებული.
ამასთან, დამატებითი დებულება ითვალისწინებს იმას, რომ თუ აღნიშნული აუცილებლობა არ დადასტურდება, სააგენტოს მიეცემა უფლება, შეისწავლოს ადგილობრივი შრომის ბაზარი და სხვა გარემოებები, როგორიცაა სამუშაოს სპეციფიკა, შესრულების მახასიათებლები, რეპუტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.
რა ცვლილებები შევიდა უცხოელების დასაქმების წესში
როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული – ცვლილებების მიზანია შრომის ბაზარზე მეტი მოქნილობა და სამართლიანი პროცესების უზრუნველყოფა, რაც უახლოეს მომავალში ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სპეციალისტების შრომითი უფლებების დაზღვევას საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი დამტკიცდა. დოკუმენტის მიხედვით, განისაზღვრა იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც წლიური კვოტები დაწესდა. ხოლო მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება საკურიერო მომსახურების, მგზავრთა გადაყვანისა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ სფეროებში საერთოდ აიკრძალა.
დადგენილება ძალაში მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან შევიდა. შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე განათავსოს ვაკანსია, უცხოელის დასაქმების უფლება კი მხოლოდ მას შემდეგ მიეცემა, თუ ადგილობრივ კადრს ვერ მოიძიებს. თუმცა ეს უნდა დაასაბუთოს და ნებართვა სახელმწიფოსგან მიიღოს.

