რა იცვლება კანონში პენსიონერებისა და მათი მემკვიდრეებისთვის?
2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან ერთად, შეწყდება უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები.
მთავრობის მიერ მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. საკითხი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ წარადგინა.
კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა.
როგორც მთავრობა განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.
რა იცვლება კანონში პენსიონერების და მათი მემკვიდრეებისთვის?
როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ განაცხადა, ზედმეტად გაცემული თანხების ლეგალიზაცია შეეხება: პენსიის მიმღებ 1600-ზე მეტ პენსიონერს, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ 250-ზე მეტ პირს, სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს და საარსებო შემწეობის მიმღებ 1400-ზე მეტ ოჯახს.
„რაც შეეხება თანხებს, სახელმწიფო პენსიის შემთხვევაში ის 1 200 000 ლარზე მეტია, სახელმწიფო კომპენსაციის შემთხვევაში – 600 000 ლარი, სოციალური პაკეტის შემთხვევაში – დაახლოებით 130 000 ლარი, ხოლო საარსებო შემწეობის შემთხვევაში – 2 600 000 ლარი. მთლიანად ეს თანხა 4 500 000 ლარს შეადგენს,“ – აღნიშნა ირინე წაქაძემ.

