ავტომობილების განბაჟების გაძვირება საქართველოს საავტომობილო ჰაბის სტატუსს შეასუსტებს – Caucasus Auto
Caucasus Auto Import-ში ამბობენ, რომ 6 წელზე ძველი ავტომობილების განბაჟების მკვეთრი გაძვირებით საქართველოს როგორც საავტომობილო ჰაბის პოტენციალი შესუსტდება.
როგორც კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ვეკუამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტი მაღალრისკიანი გახდება, რადგან მისი რეალიზაცია ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვნად რთულდება.
ასეთ პირობებში კი მოსალოდნელია, რომ სარეექსპორტო ბაზრებზე ქართველი ავტოდილერების მოგების მარჟები შემცირდება.
“საქართველოს, როგორც საავტომობილო ჰაბის სტატუსი ამ ცვლილებით შესუსტდება. მესმის, რომ შეზღუდვა არ ეხება 2020 წელზე უფრო ძველ ავტომობილებს, იმ შემთხვევაში თუ სარეექსპორტოდ არის განკუთვნილი, თუმცა ნებისმიერ ავტოდილერს სჭირდება რისკების მიტიგაცია და რაც უფრო დივერსიფიცირებულია მისთვის გასაღების ბაზარი, უფრო ნაკლები რისკი აქვს.
ამ გზით გამოვა, რომ 2020 წელზე უფრო ძველი ავტომობილების იმპორტი გახდება მაღალრისკიანი მათთვის, ვინაიდან ქართულ ბაზარზე მისი რეალიზაცია განბაჟების ტარიფების გამო გართულებულია და დამოკიდებული იქნება მხოლოდ სარეექსპორტო ბაზრებზე. ასეთ დროს კი მოლაპარაკებაში ძალა, ანუ ფასზე ვაჭრობაში მოლაპარაკებაში იქნება უცხოელის მხარეს, რაც თავისთავად შეამცირებს მარჟებს ქართველი ავტოდილერებისთვის. ამიტომ, ეს პოზიტიურად ნამდვილად არ აისახება [საქართველოს საავტომობილო ჰაბის სტატუსზე]”, – განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.
ცნობისთვის, არსებული წესით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟებისას ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრება. წარმოდგენილი ცვლილებით კი ეს ტარიფი 4.5 ლარამდე იზრდება, რაც აქციზის დაახლოებით 5.6-ჯერ მატებას ნიშნავს.

