ახალი კანონით, დისტრიბუტორები ფაქტორინგით სარგებლობას მარკეტების თანხმობის გარეშე შეძლებენ – ასოციაცია
სადისტრიბუციო სექტორი ფაქტორინგის შესახებ ახალი კანონის მიღების მოლოდინშია.
როგორც BMG-ის დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა, მოლოდინია, რომ ახალი კანონი ბიზნესს საბრუნავ საშუალებებზე წვდომას გაუზრდის. ლაშა რიჟამაძის თქმით, ახალი კანონმდებლობის მთავარი სიახლეა, რომ სექტორი ფაქტორინგით სარგებლობას მოვალის, მათ შორის სავაჭრო ქსელების თანხმობის გარეშე შეძლებს.
“ფაქტორინგის ერთ-ერთი მხარდამჭერი გახლდათ სწორედ სადისტრიბუციო სექტორი, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტორინგის ინსტიტუტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მიმწოდებელმა ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად მოახდინოს საბრუნავი საშუალებების მობილიზება. უბრალოდ მთავარი არის, რომ ეს სერვისი იყოს იაფი და ბევრად უფრო მოქნილი, ვიდრე სტანდარტული სესხის შემთხვევაში.
რა თქმა უნდა, დადებითი ზეგავლენა ექნება [საბრუნავ საშუალებებზე წვდომაზე]. სამწუხაროდ, რიტეილის მხარე, საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტები აღნიშნულ კანონთან მიმართებით წინააღმდეგნი იყვნენ და ჩვენ ვერ ვხედავთ პრობლემას სად შეიძლება არსებობდეს, თუ მხარეს ამოძრავებს კეთილსინდისიერი მიდგომა და მიზანი, რომ გადაუხადოს დადგენილ ვადაში მომწოდებელს. ეს მათთვის პრობლემას არ შექმნის. გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში მომწოდებელი აკმაყოფილებს საბანკო თუ საფინანსო ინსტიტუტიდან თავის მოთხოვნას, უბრალოდ ამ მოთხოვნას გადასცემს შესაბამის ფაქტორის გამცემს, ანუ ამ შემთხვევაში საბანკო თუ საფინანსო ინსტიტუტს, ვინც იქნება რეგისტრირებული იმ რეესტრში.
ფაქტორინგი არის ჩვეულებრივი საბანკო სერვისი, დღესაც არსებობს როგორც ასეთი, რომელიც საკმაოდ ძვირია, მაგრამ რიგ შემთხვევაში კომპანიისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არის საბრუნავი საშუალებების გაცოცხლება, რომ სარგებლობს, მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ, ხელშეკრულებების ძირითად ნაწილში რიტეილის მხარე, რომლის თანხმობაზეც არის დამოკიდებული, ანუ მარკეტის თანხმობაზეა დამოკიდებული აღნიშნულით სარგებლობის შესაძლებლობა და დღეს, ვინაიდან კანონი არ გვაქვს, მათ ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო კანონით რაც არის წარდგენილი, უკვე აღარ იქნება მოვალეზე დამოკიდებული, ანუ ქსელური მარკეტის თანხმობის გარეშე შეძლებს ისარგებლოს ამა თუ იმ კომპანიამ [ფაქტორინგით]. დღემდე გვაქვს ჩვენ პრაქტიკა, სადაც რიტეილი უარს აცხადებს და ხელშეკრულებითაც კი უზღუდავს მიმწოდებელს, ისარგებლოს ფაქტორინგით და მოთხოვნა გადასცეს ბანკს”, – განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი „ფაქტორინგის შესახებ“ ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს გაჩენას ისახავს მიზნად. რეფორმა, რომელზეც მთავრობა ეროვნულ ბანკთან და მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობდა, 15 სხვადასხვა კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. მთავრობა აცხადებს, რომ რეფორმის მთავარი მიზანი დებიტორული დავალიანების მართვის გაუმჯობესებაა. პარლამენტში, კანონპროექტის განხილვისას აღინიშნა ისიც, რომ ამ გზით ბიზნესისთვის საბრუნავი კაპიტალის გაიაფდება, რაც საბოლოოდ, პროდუქტის ფასებზეც აისახება.
კანონპროექტის მიხედვით, ფაქტორინგული კომპანიები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს დაექვემდებარონ. ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის კომპანიებს 10,000 ლარიანი მოსაკრებლის გადახდა და კაპიტალის 300,000 ლარის შევსება მოუწევთ.

