ახალი ამბები

„ირანი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია საქართველოსთვის – პროცესების ხანგრძლივობა, ფასზეც ნეგატიურად აისახება“

„თუ ეს ყველაფერი ხანგრძლივი პერიოდი გაგრძელდა, ამ პროცესებს თავის ზეგავლენა ექნება იმ პროდუქციის ღირებულებაზე, რომლისთვისაც ლოჯისტიკა და საწვავის ხარჯი ერთ-ერთი მაფორმირებელია,“ – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს საქართველოში სასურსათო პროდუქტების მოწოდების კუთხით პრობლემა არ შეუქმნია. თუმცა, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეულ ნავთობის ფასის ზრდასთან მიმართებით, ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ ამას ზეგავლენა ექნება იმ პროდუქტებზე, რომლისთვისაც ლოჯისტიკის და საწვავის ხარჯი მნიშვნელოვანია.

ამასთან, როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას აღნიშნა, ირანი საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია, შესაბამისად, პროცესების ხანგრძლივობა, ფასზეც ნეგატიურად აისახება.

„მიწოდების კუთხით, ამ ეტაპისთვის რაიმე არსებითი პრობლემა არ არსებობს. ერთადერთი პრობლემა, რომლის წინაშეც ეტაპობრივად დგება ზოგადად ბიზნესი და ლოჯისტიკური ხაზი, ეს არის საწვავთან მიმართებით არსებული გამოწვევა (რომელიც ფასთან მიმართებით განიცდის ცვლილებებს). საბოლოოდ თუ ეს ყველაფერი ხანგრძლივი პერიოდი გაგრძელდა, ამ პროცესს თავის ზეგავლენა ექნება საბოლოოდ იმ პროდუქციის ღირებულებაზე, რომლისთვისაც ლოჯისტიკა და საწვავის ხარჯი ერთ-ერთი მაფორმირებელია.

რა გავლენა ექნება სურსათის ფასებზე ომს ირანში
იმპორტის კუთხით რა მოცემულობაც გვაქვს, ეს არის ირანიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი, რომელიც ხორციელდება საკმაოდ დიდი მოცულობით. ერთ-ერთი მთავარ იმპორტიორ ქვეყნად შეგვიძლია განვიხილოთ ირანი. ამ ეტაპისთვის გარკვეული პრობლემები არ დაფიქსირებულა, რომ შეფერხებულიყო მოწოდება, მაგრამ ხანგრძლივ ვადაში რა თქმა უნდა, ეს რისკი არსებობს. ეს საბოლოოდ ჩვენს ბაზარზე თავის გავლენას მოახდენს იმ პროდუქტის ფასზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რაც დღეს შემოდის ქვეყანაში.

სხვა ქვეყნებთან, რომლებიც არიან ყურეში, იმპორტის მიმართულებით აქტიურები არ ვართ. თუმცა არის გარკვეული საერთაშორისო ტვირთები, რომელიც იქ ექცევა. საბოლოოდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი საერთაშორისო მომწოდებელ კომპანიას შეექმნა პრობლემა და გაუძვირდა გარკვეული პროდუქტი, საბოლოოდ რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც გაძვირდება, იქნება ეს საწვავიდან გამომდინარე თუ სხვა ნებისმიერი ტიპის ნედლეულის მიწოდების შეფერხებიდან გამომდინარე.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესები ხანგრძლივად არ გაგრძელდება, რამაც შეიძლება არსებითი ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ქართველ მომხმარებელზე და არა მხოლოდ პროდუქციის რაოდენობასთან, არამედ ფასთან მიმართებით. იმიტომ, რომ რეალურად, პროდუქცია შეიძლება სხვა ქვეყნიდანაც დავაიმპორტოთ, უბრალოდ მისი ფასი იქნება შედარებით უფრო მაღალი, ვიდრე ირანული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასით გვთავაზობს“,- განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები ისევ გრძელდება. ცნობისთვის, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში 28 თებერვალს მიიტანეს. შედეგად, ჰორმუზის სრუტეში უპრეცედენტო კრიზისი შეიქმნა, რასაც ანალიტიკოსები გლობალური ეკონომიკისთვის უდიდეს გამოწვევად აფასებენ. მიუხედავად იმისა, რომ სრუტე იურიდიულად არ დახურულა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მუქარამ და კომერციულ გემებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა მისი დე ფაქტო ბლოკადა გამოიწვია. გადამზიდავმა კომპანიებმა და სადაზღვევო სააგენტოებმა უარი თქვეს გარისკვაზე, რის გამოც სპარსეთისა და ომანის ყურეებში ასობით ტანკერი მოლოდინის რეჟიმშია გაჩერებული. აღსანიშნავია, რომ ჰორმუზის სრუტეზე გლობალური ნავთობით ვაჭრობის 20%-მდე გადის, რაც დღეში 20 მილიონი ბარელია. ბაზრიდან ამ მოცულობის გაქრობამ კი ნედლი ნავთობის ფასების ზრდა განაპირობა, ამის ფონზე კი, ფასები საწვავზე 2-დან 18 თეთრამდე გაიზარდა საქართველოშიც.