საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით – UK-ის სახელმწიფო მინისტრი
დიდი ბრიტანეთის მინისტრი სტივენ დაუთი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებული კანონები არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი პირების მდგომარეობას აუარესებს.
რაც შეეხება სანქციებს, ბრიტანეთის მთავრობა ჯერჯერობით არ ასახელებს წინასწარ ვის დაასანქცირებს.
“დიდი ბრიტანეთი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული თავისუფლების მტკიცე მხარდამჭერად რჩება. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული კანონმდებლობა განაგრძობს არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის ლიდერებისა და დამოუკიდებელი ხმების მიზანში ამოღებას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. გაერთიანებულ სამეფოს გამიზნული სანქციები აქვს დაწესებული მომიტინგეების მიმართ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებელ შინაგან საქმეთა სამინისტროს გავლენიან ფიგურებზე, თანამდებობის ბოროტად გამომყენებელ მოსამართლეებზე და მაღალი რანგის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების ხელშემწყობები არიან.
სამომავლოდ პოტენციური სანქციების დაწესების შესახებ კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ამან შესაძლოა, მათ ეფექტიანობას ძირი გამოუთხაროს”, – წერს დაუთი კონსერვატორი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ.

