ახალი ამბები

21 თებერვალს ავტოიმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება

შაბათს, 21 თებერვალს ავტოიმპორტიორები და ავტოდილერები რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიასთან აქციის გამართვას გეგმავენ.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, სექტორის წარმომადგენლები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.

ასოციაციის თავმჯდომარის, ლაშა დარბაისელის განცხადებით, ახალი რეგულაციის შედეგად არაერთი ავტოდილერი დარჩება სამუშაოს გარეშე.

“21 თებერვალს, შაბათ დღეს, 15:00 საათზე გავმართავთ აქციას. რუსთავის ავტობაზრობასთან და მომსახურების სააგენტოსთან არის ნეიტრალური ტერიტორია, სადაც დავაანონსეთ აქცია ავტოიმპორტიორ კომპანიებთან ერთად. შევიკრიბებით და გამოვხატავთ პროტესტს, რომ ეს არ არის მართებული ხედვა.

ბიზნესისთვის ეს იქნება პირდაპირი შოკი და ჩვეულებრივი კატასტროფა. გასაგებია, რომ რეექსპორტზე გაყვანა ამ წლოვანების {6 წელზე მეტი} ავტომობილების შეგვიძლია, მაგალითად, 2018-2019 წლიანების. თუმცა ამ შემთხვევაში რა მოხდება, ავტოიმპორტიორები როგორ იმოქმედებენ და როგორ მოიქცევიან? ავტოიმპორტიორებს ერთადერთი დაზღვევა, რომ რეექსპორტზე ვერ გაეშვა ავტომობილი და ვერ გაეყიდა საზღვარგარეთ, იყო ის, რომ საქართველოში განაბაჟებდა და ადგილობრივ ბაზარზე მიჰყიდდა გაცილებით დაბალ ფასად საქართველოს მოქალაქეს და მომხმარებელს. ეს ავტომობილი დარჩებოდა საქართველოში. ახლა კი ეს შეუძლებელი იქნება, რაც რეექსპორტზეც ნეგატიურად აისახება.

ვფიქრობ, ავტოიმპორტიორების მინიმუმ 50% დატოვებს ბაზარს. ეს ნიშნავს დაუსაქმებელ ადამიანებს და დაკარგულ სამსახურებს. არა მხოლოდ ავტოიმპორტიორები, არამედ ავტოსერვისში დასაქმებულები, ვისაც ნაწილები შემოაქვს. სად მიდიან ეს ადამიანები? რატომ ვტოვებთ უმუშევრად, ვერ ვხვდები. რით უნდა არჩინონ ოჯახები?”, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.