ახალი ამბები

განრიდებული 585 არასრულწლოვანიდან 110-მა დანაშაული განმეორებით ჩაიდინა – აუდიტი

განრიდებული 585 არასრულწლოვანიდან 110-მა დანაშაული განმეორებით ჩაიდინა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაშია საუბარი, რომელიც განრიდება-მედიაციის პროგრამას შეეხება.

საუბარია, 2022-2025 (1-ელ მაისამდე) წლების პირობით მსჯავრდადებულთა და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა მონაცემებზე. რასთან დაკავშირებითაც, აუდიტი განმარტავს, რომ მომავალში აღნიშნული მაჩვენებლის გაზრდი რისკი არსებობს. მისი განმარტებით, მსგავსი ტენდენცია განპირობებულია იმ ხარვეზებით, რომლებიც მოცემულია მიგნებების სახით და საჭიროებს მიზნობრივი საპასუხო ზომების დაგეგმვასა და გატარებას.

„მზარდია განრიდებულ პირთა მიერ ხელშეკრულების დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში დანაშაულის ჩამდენ პირთა პროცენტული მაჩვენებელი.

აუდიტის ჯგუფის მიერ გაანალიზდა 2022 წელს განრიდების გადაწყვეტილებით პროგრამაში ჩართული 585 არასრულწლოვანზე განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი, კერძოდ, მონაცემები შევადარეთ 2022-2025 (1-ელ მაისამდე) წლების პირობით მსჯავრდებულთა და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა მონაცემებს. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ განმეორებითი დანაშაული ჩადენილი აქვს 110 არასრულწლოვანს, რაც საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 19%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი დაფიქსირდა იმ პირობებში, როდესაც განრიდების ხელშეკრულების დასრულებიდან ჯერ კიდევ არ არის გასული სრული სამი წელი და არსებობს რისკი, რომ ეს მაჩვენებელი მომავალშიც გაიზარდოს. მსგავსი ტენდენცია განპირობებულია იმ ხარვეზებითა და გამოწვევებით, რომლებიც მოცემულია მიგნებების სახით და საჭიროებს მიზნობრივი საპასუხო ზომების დაგეგმვასა და გატარებას“,- ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, განრიდება-მედიაციის პროცესის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დამოუკიდებლად და ერთიანი ხედვით განსაზღვრავს აღნიშნული მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, არ არის შემუშავებული.

ამასთან, როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, დღეს მოქმედი ორი მაღალი მნიშვნელობის პოლიტიკის დოკუმენტი შედგენილია კონსერვატიული მიდგომით და მოიცავს მხოლოდ რამდენიმე აქტივობას, რაც ვერ უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროცესის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების სრულფასოვან დაფარვას, როგორებიცაა, სოციალური მუშაკების ჩართულობა, სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ცნობისთვის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვანისთვის 18-დან 21 წლამდე ასაკის პირისთვის წარმოადგენს შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება.