ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება – რას ცვლის ახალი კანონი ბიზნესისთვის?
პარლამენტში ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება – ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში წარედგინა, თუმცა გასულ წელს მისი განხილვა და მიღება არ მომხდარა, რის გამოც კანონპროექტის განხილვის ვადა 2026 წლამდე გახანგრძლივდა.
კანონპროექტით მიღებული ცვლილებები ბიზნესისთვის დაფინანსების მოზიდვის ახალი მექანიზმის შექმნას შეუწყობს ხელს.
ინიციატივის ავტორების განმარტებით, ფაქტორინგი საქართველოში სპეციალური კანონით დარეგულირებული პრაქტიკულად არ იყო, რაც ფინანსურ და სამართლებრივ რისკებს ქმნიდა. მოქმედი ჩარჩოს არარსებობის გამო არ არსებობდა გარიგებების სანდოობის დადასტურების სისტემა, ზედამხედველობის მექანიზმები და ერთიანი აღრიცხვა, რის გამოც ბევრი მეწარმე ამ ინსტრუმენტს ვერ იყენებდა.
ფაქტორინგი წარმოადგენს ბიზნესისთვის სამუშაო კაპიტალის დაფინანსების ალტერნატიულ გზას – პროდუქტის ან მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები ფაქტორის მიმწოდებლისგან თანხას წინასწარ იღებენ, ხოლო სანაცვლოდ დებიტორულ დავალიანებაზე მოთხოვნის უფლებას უთმობენ. საბოლოოდ, ფაქტორის მიმწოდებელი ანაზღაურებას იმ მხარისგან იღებს, რომელმაც მომსახურება ან პროდუქცია მიიღო.
კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს:
შეიქმნება ფაქტორინგის რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება მოთხოვნის გადაცემის ყველა გარიგება, რაც კანონპროექტის ავტორების განმარტებით, უფლებების დაცვას და ე.წ. „ორმაგი ფაქტორინგის“ რისკის შემცირებას ემსახურება.
დებიტორული დავალიანების რეგისტრაციის სავალდებულო დოკუმენტი გახდება ელექტრონული ინვოისი ან საგადასახადო ანგარიში.
ასევე, ფაქტორინგული კომპანიები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ და დაექვემდებარონ საქართველოს ეროვნული ბანკიის მიერ დადგენილ წესებს.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც ფაქტორები თავიანთ შეთავაზებებს განათავსებენ, ხოლო მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა პირობები შეადარონ და საუკეთესო ვარიანტი შეარჩიონ. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, ეს კონკურენციას გაზრდის და მომსახურების ხარისხსაც გააუმჯობესებს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რეესტრის შექმნას დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია დასჭირდება, რომელიც საერთაშორისო დონორების გრანტებით დაფინანსდება, ხოლო რეგისტრაციის საფასური და შესაძლო სანქციები სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.
ამასთან, კომპანიებს ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის 10,000 ლარის მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ. ამასთან, ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის მსურველ კომპანიებს საწარმოს კაპიტალის 300,000 ლარის ოდენობით შევსება მოუწევთ, რაც შენარჩუნებული უნდა იყოს საქმიანობის ყოველ ეტაპზე.
ინიციატივა დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

