ახალი ამბები

პარლამენტი “გრანტის კანონში” ცვლილებების II მოსმენით განხილვას იწყებს

დღეს, 16 თებერვალს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი II მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც გრანტების მიღების, პოლიტიკური საქმიანობისა და ლობიზმის მიმართულებით ახალ, მკაცრ შეზღუდვებსა და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს.

ცვლილებები 7 კანონში შედის, მათ შორის: „გრანტების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში.

კანონპროექტის მიხედვით, „გრანტის“ დეფინიცია მნიშვნელოვნად ფართოვდება. გრანტად ჩაითვლება ნებისმიერი სახსრები, რომელიც შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას.

ამგვარი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
თუ “უცხოური ძალა” საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს (ტექნიკური დახმარება), ეს თანხაც გრანტად კლასიფიცირდება და მთავრობის თანხმობას საჭიროებს.
უცხოური ორგანიზაციების ფილიალებს საკუთარი სათავო ოფისებიდან დაფინანსების მისაღებადაც კი მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ.

საკანონმდებლო პაკეტი მკაცრ სანქციებს ადგენს წესების დარღვევისთვის:
გრანტების შესახებ კანონის დარღვევა: გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე.
ფულის გათეთრება პოლიტიკური მიზნით: 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გარე ლობიზმი: სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება უცხოური ძალისგან ფულის მიღება პოლიტიკური აქტივობის სანაცვლოდ (სანქცია: 6 წლამდე პატიმრობა).
ცვლილებები ეხება პოლიტიკური პარტიების წევრობასაც. პირს, რომელიც დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურია, 8 წლის განმავლობაში ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა.

ამასთან, იზღუდება მეწარმე სუბიექტების პოლიტიკური აქტივობაც:
ბიზნესს ეკრძალება ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის საქმიანობას არ უკავშირდება.
პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ადმინისტრაციული სასჯელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩაინაცვლებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში გარე ჩარევების პრევენციაა. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები კრიტიკული აზრისა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისკენ არის მიმართული.