ახალი ამბები

თუ ფასები არ შემცირდა, მთავრობა, ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს

მთავრობა სურსათზე, ასევე, საწვავსა და მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიზნით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.

„შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ფასების რეგულატორის ფუნქცია ექნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი2”-ზე, სადაც დებატების თემა სასურსათო პროდუქტების ფასების ფორმირებაა.

“შეიძლება, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ვიფიქროთ კონკრეტული კანონმდებლობის შემუშავებაზე, მათ შორის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებაზე. ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და იმაზეც კი გვქონდა საუბარი, რომ შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ფასების რეგულატორის ფუნქცია ექნება; ასეთი რამეც შეიძლება გაკეთდეს, როგორც სურსათის, ასევე, საწვავის და მედიკამენტების შემთხვევაში; სხვადასხვა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მანამდე გვაქვს იმედი, რომ უშუალოდ ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასების შემცირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.