ახალი ამბები

რუსეთში ადგილობრივის შემდეგ ყველაზე მეტად ქართული ღვინო იყიდება – 2025 წლის რეიტინგი

2025 წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის გაყიდვების მოცულობით საქართველოს წილი 9.51%-ს შეადგენს და მეორე ადგილზეა. კერძოდ, ქართული ღვინოები ადგილობრივი პროდუქციის შემდეგ ყველაზე მეტად იყიდება. 2024 წელს ფედერაციის ბაზარზე ქვეყნის წილი ოდნავ ნაკლები, 9.46% იყო.

ინფორმაციას RBC ალკოჰოლისა და თამბაქოს კონტროლის ფედერალური სამსახურის, კომპანია LADOGA-ს და ღვინის ტრეიდერების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველო, ასევე, ცქრიალა ღვინის გაყიდვების ტოპ 10-ეულში, თუმცა ამჯერად მერვე ადგილზეა. ქვეყნის წილი რუსეთის ბაზარზე 2024 წლის 0.22%-იდან შარშან 0.25%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის გაყიდვების ტოპ 10-ეულში ცალკე არის დასახელებული ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი, რომელიც რეიტინგში მეცხრე ადგილზეა. თუმცა რუსეთის ბაზარზე აფხაზეთის წილი 2024 წლის 2.15%-იდან შარშან 1.75%-მდე შემცირდა. ამასთან, რეგიონი ცქრიალა ღვინის გაყიდვების ტოპ 10-ეულში ვერ მოხვდა.

ზოგადად, 2025 წელს რუსეთში, წინა წელთან შედარებით, ღვინის გაყიდვები, თითქმის, 2%-ით შემცირდა და აბსოლუტური მაჩვენებლით 56 მლნ დეკალიტრი შეადგინა (1 დალ=10 ლიტრს). ცქრიალა ღვინის გაყიდვები წლიურად 3.2%-ით, 22.7 მლნ დეკალიტრამდე შემცირდა.

2024 წელთან შედარებით, იტალიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ ბაზრის წილი შეამცირეს, ჩილემ და სამხრეთ აფრიკამ გაზარდეს, ხოლო ქართული ღვინოების წილი, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა.

რუსეთის ბაზარზე ღვინის გაყიდვების წილით 2025 წლის ტოპ 10-ეული ქვეყნებია:

რუსეთი – 59.94% (2024 წელს 58.49%)
საქართველო – 9.51% (2024 წელს 9.46%)
იტალია – 5.47% (2024 წელს 6.76%)
ესპანეთი – 4.41% (2024 წელს 5.59%)
ჩილე – 3.99% (2024 წელს 2.71%)
სამხრეთ აფრიკა – 3.05% (2024 წელს 2.03%)
პორტუგალია – 2.98% (2024 წელს 3.43%)
საფრანგეთი – 2.01% (2024 წელს 2.61%)
აფხაზეთი (საქართველო) – 1.75% (2024 წელს 2.15%)
გერმანია – 1.66% (2024 წელს 1.72%)
2024 წელთან შედარებით, 2025 წელს ცქრიალა ღვინის გაყიდვებში ბაზრის წილი, რუსეთის გარდა, ყველა ტოპ 5-მა ქვეყანამ შეამცირა. ბაზარზე რუსეთისა და იტალიის საერთო წილი 80%-ზე მეტს შეადგენს. ესპანეთისა და საფრანგეთის საერთო წილი 5%-ია, ხოლო დანარჩენი ქვეყნები ბაზარზე პროცენტის წილებს ფლობენ.

2025 წელს რუსეთის ბაზარზე ცქრიალა ღვინის გაყიდვებით ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

რუსეთი – 70.66% (2024 წელს 66.81%)
იტალია – 22.86% (2024 წელს 25.28%)
საფრანგეთი – 2.91% (2024 წელს 3.66%)
ესპანეთი – 1.71% (2024 წელს 2.45%)
პორტუგალია – 0.38% (2024 წელს 0.74%)
სომხეთი – 0.28% (2024 წელს 0.26%)
ბელარუსი – 0.25% (2024 წელს 0.04%)
საქართველო – 0.25% (2024 წელს 0.22%)
ჩილე – 0.19% (2024 წელს 0.1%)
სამხრეთ აფრიკა – 0.1% (2024 წელს 0.05%)
რაც შეეხება ფასებს, ბოთლი ქართული ღვინო 1000 რუბლამდე, ანუ 13 დოლარამდე ფასის სეგმენტში რუსულ, ჩილეს, მოლდოვურ, იტალიურ და ფრანგულ ღვინოსთან ერთად იყიდება.