ახალი ამბები

სუბსიდირებისას ფასების დაყოფას არ ვემხრობი, სახელმწიფო მხოლოდ უხარისხო ყურძენს უნდა იბარებდეს – სამანიშვილი

რთველის სუბსიდირებისას ყურძნის დიფერენცირებული ფასების შემოღებას დარგის სპეციალისტების ნაწილი არ ემხრობა.

საქმე ისაა, რომ 2026 წლის რთველზე ხარისხის მიხედვით ყურძნის ფასთა სხვაობა კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, თეთრი ყურძნის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობაც 17-20%-ის ფარგლებშია, ფასი 80 თეთრი იქნება, ხოლო 20%-ზე მეტი შაქრიანობის ყურძნის შემთხვევაში სახელმწიფო 1.30 ლარს გადაიხდის. რაც შეეხება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენს, ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მისგან ღვინო არ უნდა დამზადდეს. მსგავსი შაქრიანობის ყურძენზე ფასი 80 თეთრზე ნაკლები იქნება.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი და მეღვინეობის დარგის მართვის მაგისტრი, გიორგი სამანიშვილი BMG-სთან აცხადებს, სახელმწიფო მხოლოდ არაკონდიციურ ყურძენს უნდა იბარებდეს და არა შედარებით მაღალი ხარისხის ნედლეულს.

მისი თქმით, მსგავსი მიდგომა ბაზარზე მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რისი მაგალითიც 2025 წლის რთველია, როდესაც გადასახადის გადამხდელებს რთველის სუბსიდირება რეკორდული თანხა, 220 მილიონი ლარი დაუჯდათ.

„უკვე გაჟღერდა, რომ [სახელმწიფოს მიერ ყურძნის ჩაბარების] ფასი ოდნავ შემცირდება, რაც ძალიან კარგია. იმიტომ, რომ შარშან ის, რომ სახელმწიფომ ჩაიბარა ორჯერ მეტი ვიდრე ყველა კომპანიამ ერთად, იმან განაპირობა, რომ ფასები მაღალი დააწესეს. თუმცა დასახელებული ფასები – 1.30 ლარი და 80 თეთრი – სხვაობა ძალიან დიდია. აუცილებლად გამოიწვევს გაუგებრობებს, იმიტომ რომ ჩაბარების დროს 50 თეთრი სხვაობა იმდენად დიდია, რომ ყველა შეეცდება ან ვინმე ნაცნობი ნახოს, ან “ზემოდან” დაარეკინოს და ეს სახელმწიფო ორგანიზაციებში ძალიან რთული დასარეგულირებელია. ასე რომ, დაიჩაგრება ის, ვისაც არ ჰყავს პატრონი. ვისაც არ უვარგა ყურძენი, მაგრამ ჰყავს ვინმე, ის მაინც მოახერხებს მაღალ ფასად ჩაბარებას. ამიტომ მე შარშანაც და წელსაც წინააღმდეგი ვიყავი ფასების დაყოფის, თუმცა კარგია, რომ ფასი ოდნავ შემცირდა. თუ ამას მომავალ წლებში მოჰყვება ის, რომ სახელმწიფო მომავალ წლებში გავა რთველის სუბსიდირებიდან, ეს ძალიან კარგი იქნება.

სახელმწიფოს ჩარევის მომხრე ვარ, ოღონდ მინიმალურად, ან იმ უხარისხო ყურძენზე, რომელზეც არავინ არ იბარებს. ამიტომ მე მგონია, რომ სახელმწიფომ ჭარბი ყურძენი დაბალ ფასად უნდა გამოიტანოს ბაზრიდან. როგორც ხდება მანდარინის, ვაშლის შემთხვევაში, რომელსაც საბაზროზე 10-ჯერ ნაკლებ ფასად იბარებს სახელმწიფო. შესაბამისად, სახელმწიფო 1.30 ლარად არ უნდა იბარებდეს“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.