ახალი ამბები

„თუ სახელმწიფოს დახმარებით ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა არ მოხდება, დახლები ქართული პროდუქციის გარეშე დარჩება”

„თუ სახელმწიფოს დახმარებით ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა არ მოხდება, დახლები ქართული პროდუქციის გარეშე დარჩება”„თუ სახელმწიფოს დახმარებით ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა არ მოხდება, დახლები ქართული პროდუქციის გარეშე დარჩება”
“ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ აღმოვჩნდებით სრული დეფიციტის წინაშე, როდესაც რძის პროდუქტები აღარ გვექნება”, – ამის შესახებ ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ჩიკვაიძემ “ბიზნესპრესნიუსთან” ისაუბრა.

როგორც ჩიკვაიძემ განაცხადა, დარგში ნატურალური რძის წარმოების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემებია და თუ ფერმერებს სახელმწიფოსგან შესაბამისი დახმარება არ გაეწევათ, ქართული დახლები ქართული პროდუქციის გარეშე დარჩება.

“არ გვაქვს ნედლი რძე. საიდან უნდა გაჩნდეს ნედლი რძე, თუ ფერმა არ გაჩნდა?! 15 და 20 სული ბევრს ჰყავს სოფელში და შესაძლოა, 50-მდეც ავიდა, არის უკვე ასეთი შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის ორგანიზებული ფერმა.

როდესაც არ არის ნედლი რძე, ან იმდენად ცოტაა, რომ ბაზრის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რა ხდება ამ დროს?! შემოედინება უცხოური პროდუქტი – ყველი, ირანული პასტა რძე. ახლა კი დამთავრდა ირანი, ალბათ, წლების განმავლობაში ვეღარ გავიხედავთ იქეთ, გასაგები მიზეზების გამო, თუმცა ალტერნატიული გზები მოიძებნება.

როდესაც ქვეყანაში ნედლი რძის დეფიციტია, ბუნებრივია, ეს დეფიციტი ივსება აღდგენილი რძით და ივსებოდა ე.წ. ირანული პასტა რძით. რასაკვირველია, ეს ბაზარს მთლიანად ჭრის. 15 ძროხა რომ ჰყავს ფერმერს, ყველაფრის შენახვა თვითონ უწევს. მისი პასუხისმგებლობაა გამოკვება, ვეტერინარი, საცხოვრებელი, მწყემსიც თვითონაა და მომვლელიც. ის ვერასდროს ვერ გაუწევს კონკურენციას ვიღაცას, ვინც ფხვნილი შემოიტანა და თეთრებში გაყიდა. ბუნებრივია, მან ამით ქართველი ფერმერი დაჩაგრა. ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია გადაჭრას.

თუ ქართველი ფერმერები ინტენსიურად არ მიმართავენ სახელმწიფოს და არ სთხოვენ დახმარებას ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად, არაფერი არ გვეშველება. ერთ მშვენიერ დღეს, ქართულ დახლებზე ქართული პროდუქტი აღარ იქნება. თქვენ ქართულ ყველს ვეღარ ნახავთ. ან ნახავთ ფხვნილზე დამზადებულს და ეს იქნება ტრაგედია. იქნება ფხვნილზე დამზადებული ყველი, რომელსაც ვერ დააწერს ვერავინ იმერულს. “სახაჭაპურე”, “მარგო” – ასეთი უცნაური სახელები ერქმევა და ამას უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება. კიდევ კარგი, კანონი კარგი გვაქვს. კანონით, იმას, რაც არ არის ნედლ რძეზე დამზადებული, ყველს ვერ დაარქმევ. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ აღმოვჩნდებით სრული დეფიციტის წინაშე, როდესაც რძის პროდუქტები აღარ გვექნება”, – განაცხადა ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაშ რძის პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნას, აუცილებელია სახელმწიფო ფერმერებს თანადგომა გამოუცხადოს და მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოყვანა დაუსუბსიდიროს. ანა ჩიკვაიძე ამბობს, რომ ეს გზა შვეიცარიამ, საფრანგეთმა და კიდევ ბევრმა ქვეყანამ უკვე გამოაიარა.

“ეს არ არის ყველაზე მარტივი გზა, მაგრამ სწორედ ეს მეთოდი იპოვა დანარჩენმა მსოფლიომ. ყველამ გაიარა ეს გზა. მათ შორის, ისეთმა წარმატებულმა რძის მწარმოებელმა და მომპოვებელმა ქვეყნებმა, როგორებიცაა შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია. იმ ქვეყნებში სახელმწიფომ გადაწყვიტა ფერმერს შეეხიდოს და 50/50-ზე, ზოგან ცოტა მეტიც, 60/40-ზე ან 80/20-ზე დაიწყო ფერმების დაფინანსება. ეს იმიტომ, რომ ვერცერთი ფერმერი დედამიწის ზურგზე ვერ შეძლებს, თავისი სახსრებით, თავისი დანაზოგებით შექმნას კლასიკური, ორგანიზებული ფერმა. ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ერთი ძროხა, დაახლოებით, 5000 ევრო და ზევით ღირს. საუბარი მაქვს მაღალპროდუქტიულ საქონელზე. ისევე, როგორც თხა, კამეჩი თუ ნებისმიერი ბიოლოგიური არსება, რომლისგანაც რძეს იღებს სამყაროში ყველა ფერმერი“, – აღნიშნა ჩიკვაიძემ.