საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30.7% საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30.7% საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
„2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30.7% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას. თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა, ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში“,- ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან ჯამში 4.690 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქედან თითქმის 15% მოდის რუსეთიდან შემოსულ მოგზაურებზე, რითაც დანახარჯების კუთხით პირველ ადგილს იკავებენ. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს რუსებმა საქართველოში ჯამში 694 მლნ დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზე არიან თურქეთის მოქალაქეები 605.9 მლნ აშშ დოლარიანი დანახარჯით, ხოლო მესამეზე ისრაელიდან შემოსული მოგზაურები, რომლებმაც საქართველოში 586.3 მლნ დოლარი დახარჯეს.
თუმცა, დანახარჯების კუთხით რუსეთის მოქალაქეების ლიდერობა, სავარაუდოდ, საქართველოში ამ ქვეყნიდან შემოსული მოგზაურების სიმრავლით არის გამოწვეული. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში რუსი ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 11.1%-ით კიდევ გაიზარდა და 1 579 764 შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოსთვის უცხოელ ვიზიტორებს შორის, რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილზე არიან. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში შემოსული ყოველი მეხუთე ვიზიტორი რუსეთის მოქალაქე იყო.

