ახალი ამბები

შილდაში მომხდარ მკვლელობისა და ძალადობისთვის დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მამა-შვილ ჩიტაშვილებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თელავის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა.

პროცესზე პროკურატურამ პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე თამარ კაპანაძემ სრულად დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე სხდომაზე ლევან ჩიტაშვილისთვის, რომელსაც მკვლელობას ედავებიან, 15 000-ლარიანი, ხოლო მისი შვილისთვის, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

შემთხვევა 8 იანვარს სოფელ შილდაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 51 წლის ლევან ჩიტაშვილმა შურისძიების მოტივით ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 48 წლის ნოდარ ასაბაშვილს.

მანამდე კი, ასევე გამოძიების ვერსიით, ჩიტაშვილმა შვილთან ერთად ფიზიკურად იძალადა საკუთარ მეუღლესა და ნოდარ ასაბაშვილზე.