ახალი ამბები

საქართველოში რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეების ნაწილს აღარ უშვებენ – ვის ეხება შეზღუდვა

ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში რუსული პასპორტების მქონე პირებს არ უშვებენ, რომელთა დოკუმენტშიც დაბადების ადგილად უკრაინის ყოფილი სსრ, ანექსირებული ყირიმი, ე.წ. დონეცკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ასევე, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები არის მითითებული.

ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ განაცხადა.

შეზღუდვები, ასევე, აფხაზეთის ყოფილ ასსრ-სა და “სამხრეთ ოსეთში” დაბადებულ პირებზე ვრცელდება, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად არის აღიარებული.

„ქართველი მესაზღვრეების ქმედებები გაურკვევლობას ქმნის ასეთი მოგზაურებისთვის,” – აცხადებს რუსეთის ინტერესების სექცია, რომელიც მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ პოტენციური რისკები მოგზაურობამდე გულმოდგინედ შეაფასონ.

რუსული TurDom-ის ცნობით, ეს პირველი ასეთი ინციდენტი არ არის და ყირიმის, ასევე, ლუგანსკის რამდენიმე მკვიდრს, რომლებსაც რუსული პასპორტები ჰქონდათ, საქართველოში შესვლაზე ადრეც ეთქვა უარი. ოქტომბერში სევასტოპოლის ორ მცხოვრებელს ქვეყანაში შესვლა სამუდამოდ აეკრძალა, როცა ისინი საქართველოს საზღვარს ოკუპირებული ხერსონის ოლქში გაცემული რუსული დოკუმენტებით კვეთდნენ. ასევე, ანექსირებული ყირიმიდან ჩამოსული კიდევ ერთი ტურისტი აცხადებდა, რომ მან პასპორტი სვერდლოვსკის ოლქში აიღო, თუმცა საზღვრის გადაკვეთის საშუალება მაინც არ მიეცა. მასთან, 2024 წლის ზაფხულში ქართველმა მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს რუსები, რომელთა შვილებიც ოკუპირებულ ყირიმში დაიბადნენ.

ცნობისთვის: საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოში 2009 წელს, მას შემდეგ შეიქმნა, რაც მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ გაწყდა.