რძის პროდუქტების ეტიკეტირების ახალი წესები ფასების ზრდის რისკს შეიცავს – ასოციაცია
რძის პროდუქტების ეტიკეტირების ახალი წესები ფასების ზრდის რისკს შეიცავს – ამის შესახებ BMG-სთან რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი საუბრობს.
“რძის რეგლამენტში” დაგეგმილი ცვლილებებით, რძის პროდუქტების შეფუთვაზე სავარაუდოდ, სხვადასხვა ფერის პიქტოგრამები უნდა გაჩნდეს. ეს ნიშნები მომხმარებელს დაეხმარება მარტივად გაარჩიოს, პროდუქტი ნედლი რძისგან არის დამზადებული, აღდგენილი რძისა და კარაქისგან, თუ მცენარეულ ცხიმებს შეიცავს.
როგორც სექტორში აცხადებენ, მართალია ინიციატივა მომხმარებლის ინფორმირებულობისკენ არის მიმართული, თუმცა მისი არასწორი ადმინისტრირება ბიზნესს დამატებითი ხარჯების წინაშე დააყენებს, რაც საბოლოოდ პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს.
“ინიციატივა ნამდვილად არ დაიწუნება, თუმცა წარმოების ინტერესები აუცილებლად უნდა იყოს განხილული, რომ ამ ყველაფერმა არ დააზიანოს მეწარმე და მათ ზედმეტი დამატებითი ხარჯების გაღება არ მოუწიოთ, რაც საბოლოო პროდუქტის ფასზე აისახება“.
მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ცვლილებების ამოქმედებისთვის გონივრული ვადების დაწესებაა. კომპანიებს შეფუთვის დიდი მარაგები წინასწარ აქვთ შესყიდული, რომელთა გადაყრა მწარმოებლებისთვის დიდ ზარალს ნიშნავს.
სახელმწიფო მოდის იმ შეთანხმებაზე, რომ გონივრული ვადა დაითქვას. ზუსტად რა ვადებზეა საუბარი, ჯერ ვერ გეტყვით, ეს მსჯელობის საგანია“ – ამბობს კახა კონიაშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, ეტიკეტირების წესები თანაბრად უნდა გავრცელდეს როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ პროდუქციაზე, თუმცა უცხოური პროდუქციის კონტროლი გაცილებით რთულია.
„ქართული პროდუქციის შემოწმება ბევრად ადვილია – ნებისმიერ დროს შეგიძლიათ კომპანიაში შეხვიდეთ და შესყიდვის საბუთების საფუძველზე ნახოთ, რისგან არის პროდუქტი დამზადებული. მაშინ როცა უცხოურის გაკონტროლება სირთულეს წარმოადგენს და მხოლოდ იმ დოკუმენტაციას უნდა დაეყრდნო, რომელსაც მომწოდებელი მხარე აგზავნის“ – აცხადებს კახა კონიაშვილი.
ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეტიკეტირება პრობლემას ვერ გადაჭრის. მისი თქმით, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა ნედლი რძის სიმცირეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების მეტ მხარდაჭერას მოითხოვს.
რძე, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტები ეტიკეტირების დამატებით წესებს დაექვემდებარება. დაგეგმილი ცვლილების თანახმად, საუბარია შეფუთვაზე სპეციალური ფერადი პიქტოგრამების შემოღება, რომლებიც მომხმარებელს მკაფიოდ მიანიშნებს, პროდუქტი ნედლი რძით არის დამზადებული, აღდგენილი რძით თუ მცენარეული ცხიმების გამოყენებით. ცვლილებას „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი ადგილობრივი რძის წარმოების წახალისება და საბოლოო მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდაა.

