ახალი ამბები

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ – 2025 წელს საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 2024 წელთან შედარებით გაიზარდა 1.8%-ით

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით 2024-2025 წლის საგზაო უსაფრთხოების მონაცემების შეფასებას აქვეყნებს.

კერძოდ, მონაცემების თანახმად, 2025 წელს საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა (5866-დან 5969-მდე). ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 5.6%-ით (444-დან 469-მდე), ხოლო დაშავებულთა რაოდენობა — 8%-ით (7587-დან 8191-მდე).

თბილისში საგზაო შემთხვევების რაოდენობა 5.8%-ით შემცირდა (2775-დან 2614-მდე), თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 23.7%-ით (76-დან 94-მდე), ხოლო დაშავებულთა რაოდენობა — 2.5%-ით (3233-დან 3313-მდე).

0–6 წლის ასაკობრივ ჯგუფში 2025 წელს დაიღუპა 7 ბავშვი დაღუპულ ბავშვებს შორის 1 იყო ქვეითი, ხოლო 6 — სატრანსპორტო საშუალების მგზავრი.

დაშავდა 233 ბავშვი, საიდანაც 65 იყო ქვეითი, ხოლო 168 — სატრანსპორტო საშუალების მგზავრი.

„2025 წლის სტატისტიკა მიუთითებს, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების ფონზე, მსხვერპლი გზებზე კვლავ იზრდება, რაც მიანიშნებს საგზაო შემთხვევების სიმძიმეზე. განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვთა მონაცემები, სადაც დაზარალებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქსირდება როგორც სატრანსპორტო საშუალების მგზავრი.

მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში საგზაო უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არსებული სტატისტიკა მიუთითებს კონკრეტულ მიმართულებებზე, სადაც აუცილებელია სისტემური ჩარევა.

საბავშვო სამგზავრო სავარძლების სავალდებულო გამოყენების შესახებ სამართლებრივი რეგულაციის შემოღება;

მოძრაობის დადგენილი სიჩქარის ეფექტიანი კონტროლი, ტოლერანტული ზღვარის დაწევა და ქულათა სისტემის უფრო ეფექტიანი აღსრულება.

ქვეითთა უსაფრთხოების გაძლიერება — როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ისე ქცევითი კონტროლის მექანიზმებით;

ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის გაუმჯობესება;

მოტოციკლით და სხვა დაუცველი მონაწილეების უსაფრთხოების მიმართულებით მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელება.

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების სისტემური კამპანიების განხორციელება

საგზაო უსაფრთხოება მოითხოვს არა ფრაგმენტულ, არამედ სისტემურ და მდგრად პოლიტიკას, სადაც ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები, უსაფრთხო ტრანსპორტი, ქცევითი ცვლილებები, კანონმდებლობა და ეფექტიანი აღსრულება ერთობლივად უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის დაცვას“ , – აცხადებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.