ახალი ამბები

საქართველოში 1-ელი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება – სემეკი

საქართველოში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. შესაბამისად, ტარიფი შეუნარჩუნდებათ როგორც თბილისში „თელმიკოს“, ასევე რეგიონებში “ეპ ჯორჯია“ მომხმარებლებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს თხოვნა, ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელ.ენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან.

101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრია, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრი.

რაც შეეხება რეგიონების, ანუ “ეპ ჯორჯიას“ მომხმარებლებს, ის აბონენტები, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 14.731 თეთრს შეადგენს.101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლები ერთ კილოვატში 23.227 თეთრს იხდიან.