ახალი ამბები

„ჰიბრიდებით, რომელიც მსოფლიოში აკრძალულია, საქართველოში ღვინის წარმოება ხდება – კონტროლი უნდა იყოს, თუმცა არა საბჭოთა მეთოდებით“

„კონტროლი უნდა იყოს არა საბჭოთა მეთოდებით, არამედ ბიზნესზე ორიენტირებული“, – ასე ეხმაურება „გოცორიძის მეღვინეობის“ დამფუძნებელი ანდრო გოცირიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ კომერციული ვენახის გაშენებასთან დაკავშირებით შემოღებულ რეგულაციებს.

შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვის აღება იქნება სავალდებულო. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, თუ აქამდე სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშების გამოყენება იყოს საკმარისი, კანონის ამოქმედების შემდეგ, საჭირო იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობაც.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ვენახების გაშენება არ უნდა იყოს სპონტანური. მისივე თქმით, მომავალი წლის რთველზე გაჩნდება ახალი ფასი – ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად.

როგორც ანდრო გოცირიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, დარგში პრობლემებს ვენახების ქაოტური განაშენიანებიდან გამომდინარე ნამდვილად აწყდებიან.

„ვენახის ხარისხი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ღვინის ხარისხზე. თუ დარეგულირდება ვენახების კადასტრის წარმოების საკითხი და მკაცრ რეგულაციებში მოექცევა, პოზიტიური იქნება პირადად ჩემთვის.

პირველ რიგში, ღვინო ფუჭდება ვენახში. თუ ვენახი არ არის სწორად გაშენებული და მოვლილი, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ღვინო მაღალი ხარისხის. ქართულმა ღვინომ კი ერთადერთი ნიშა რაც შეიძლება დაიკავოს, არის მაღალი ხარისხის ღვინის ნიშა. იმიტომ, რომ მოცულობით კონკურენციას ვერ გაუწევს მსოფლიოს ქვეყნებს.

დღეს საქართველოში გვაქვს შემდეგი პრობლემა. ეს არის ჰიბრიდები, რომელთაგანაც საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის წარმოება აკრძალულია. ხშირად საღდება საფერავად ან კაბერნე სოვინიონად, რომელიც არის სტანდარტულ ასორტიმენტში შემავალი ჯიში. ამ დროს სხვა სახეობაა, რომელსაც წამვლა არ სჭირდება. შესაბამისად, მისი მოყვანა არის გაცილებით უფრო მარტივი. ეს ხდება მაშინ, როცა საფერავის წამლობა გჭირდება 6-ჯერ და 7-ჯერ, რაც ბევრად ძვირი გიჯდება. როდესაც ჰიბრიდს აბარებ საფერავის ნაცვლად, ჩათვალე ეს ღვინის ხარისხს რამდენჯერმე სწევს დაბლა. აფუჭებს ღვინოს ძალიან. მერე აღარ ხარ კონკურენტული. წარმოიდგინეთ, მე მიჯდება საფერავის მოყვანა 3 ლარი, მას უჯდება წამლობის გარეშე 1 ლარი. ამ ფასებით გამოდის, რომ ჩემი ადგილი აღარ რჩება ბაზარზე.

მეორე საკითხია, ჯიშების დარაიონება. მაგალითად, საფერავი კარგია კახეთში. კახური საფერავი არის ძალიან მაღალი ხარისხის ღვინო. ისევე, როგორც ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან ხვანჭკარის ტიპის ღვინო მზადდება მხოლოდ რაჭაში. შესაბამის რაიონში შესაბამისი ჯიშის ვენახი რომ გაშენდეს, ბუნებრივია, ამის კონტროლი ცუდი არ არის. ადამიანებმა გაიგეს, რომ ხვანჭკარის საწარმოებელი ღვინო ღირს გაცილებით ძვირი, 8-9 ლარი, ვიდრე მაგალითად საფერავი. აიღეს და ალექსანდროული და მუჯურეთული გააშენეს კახეთშიც. ეს ვერ მოგცემს ისეთ შედეგს, რადგან კარგ შედეგს იძლევა იქ, შესაფერის ზონაში“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, აქ მნიშვნელოვანია ისიც, ბიუროკრატია რამდენად შეზღუდული იქნება. ამან არ უნდა გამოიწვიოს ფასების გაზრდა ან რაიმე ისეთი ბარიერები, რომლებსაც მცირე მეწარმეები ვერ გადალახავენ.

„შეიძლება იყოს სალიცენზიო მოსაკრებელი. თუ ასეთი რაღაც იქნება, იქნება პრობლემური. აუცილებელია, ამ მხრივ სახელმწიფომ მცირე მეწარმეები წაახალისოს. გასათვალისწინებელია, რომ ფასწარმოქმნაზე დამატებითი გადასახადები მოქმედებს. დანახარჯი რაც მეტი მოგიწევს, მით მეტი იქნება ფასიც.

აღსრულების მექანიზმები სახელმწიფოზეა და ეს არ უნდა იყოს ბიზნესის ჩამახშობელი. პირიქით, ეს უნდა იყოს ბიზნესის ხელშემწყობი. რაც მე მოგიყევით ამ ყველაფერს ადამიანები იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ცუდი ადამიანები არიან, იმიტომ აკეთებენ, რომ შესაბამისი ცოდნა არ აქვთ. ან არ გააჩნიათ შესაბამისი დახმარება და ხელშეწყობა კარგი ვენახის გაშენებისთვის. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია, საძირეების პრობლემაც. იმიტომ, რომ არასწორ საძირეზე შერჩეული ვენახი არ გამოდის ჯანმრთელი. აქაც გარკვეული კონტროლია მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს კონტროლი უნდა იყოს არა საბჭოთა მეთოდებით, როგორც ადრე ხდებოდა, არამედ ბიზნესზე ორიენტირებული“, – აცხადებს ანდრო გოცირიძე.